ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აკაკი ბაქრაძე – 90

ახალი ამბები

29 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით აკაკი ბაქრაძის იუბილეს აღსანიშნავ საღამოზე. 29 მარტს ცნობილი კრიტიკოსის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 90 წელი შესრულდება.

აკაკი ბაქრაძის შესახებ

აკაკი ვიქტორის ძე ბაქრაძე დაიბადა 1928 წლის 29 მარტს ქ. თბილისში. 1948 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ოზურგეთში, 1953 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო განყოფილების რედაქტორად, უფროს რედაქტორად, შემდეგ – სასცენარო სარედაქციო განყოფილების მთავარ რედაქტორად. იგი იყო საქართველოს რუსთაველის სახელმწიფო თეატრის დირექტორი (1973-1980 წწ.), კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1988-1989 წწ.); პირველი წერილი (რეცენზია ფილმზე „ჩვენი ეზო“, 1954 წ.) გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკარში”. 1966 წელს გამოსცა პირველი წიგნები: „კინოკრიტიკული ეტიუდები“ და „კრიტიკული წერილები“. წიგნში „მითოლოგიური ენგადი“ (1969 წ.) იგი ერთ-ერთი პირველი იკვლევდა თანამედროვე ქართულ მწერლობაში მითოლოგიზაციის პროცესს, წიგნში „ილია ჭავჭავაძე“ (1984 წ.) ახალი კუთხით გააანალიზა დიდი მწერლისა და მოღვაწის შემოქმედების, მსოფლმხედველობისა და ტრაგიკული აღსასრულის პრობლემები. აკაკი ბაქრაძის წერილებისათვის დამახასიათებელია პუბლიცისტური სიმძაფრე, მწყობრი ლოგიკა, უკომპრომისობა. მისი სხვა მნიშვნელოვანი წიგნებია: „სჯანი“, „ფიქრი და განსჯა“, „კრიტიკული გულანი“, „მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა“, „პილპილმოყრილი მადლი“, „რწმენა“, „მწერლობის მოთვინიერება“, „ილია და აკაკი“, „დაწუნებული გზა“.

1989 წელს აკაკი ბაქრაძე აირჩიეს სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტად. იგი იყო სსრკ სახ. დეპუტატი, სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე.

აკაკი ბაქრაძის შესახებ ისაუბრებენ ილიაუნის პროფესორები –  ფილოლოგი დავით პაიჭაძე და მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი.

დრო: 29 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები