ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

AFELSH-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

ღონისძიებები

მიმდინარე წლის 22, 23 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება AFELSH-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.

AFELSH (Association des Facultés ou Etablissements de Lettres et Sciences humaines) – ფილოლოგიურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებისა ან დაწესებულებების ასოციაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფრანკოფონული ქსელი, რომელიც შეიქმნა 1994 წელს.

2010 წლიდან ჩვენი უნივერსიტეტი მეცნიერაბათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახით არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენელი AFELSH-ის აღმასრულებელ კომიტეტში. აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახლავთ სრული პროფესორი, მზაღვე დოხტურიშვილი.

დაარსების დღიდან ასოციაცია ორ წელიწადში ერთხელ ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, კონგრესებს, აგრეთვე მონაწილეობს სხვა ფრანკოფონული ქსელების მიერ მოწყობილ სიმპოზიუმებსა თუ კონფერენციებში და აქვეყნებს კონფერენციების მასალების ელექტრონულ ვერსიას. მაგალითისთვის იხილეთ 2010 წლის მაისში ჩატარებული კონგრესის მასალები შემდეგ მისამართზე: http://www.arts.uottawa.ca/afelsh/archives.html

ასოციაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა გახლავთ სამივე დონეზე სასწავლო პროგრამების შეფასება და ექსპერტიზა, სტუდენტთა, პედაგოგთა და მკვლევართა მობილობის ხელშეწყობა.

ასოციაცია სარგებლობს AUF-ის (ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო, რომელიც მსოფლიოს 800-მდე უნივერსიტეტს აერთიანებს და რომლის ასოცირებული წევრი ჩვენი უნივერსიტეტიც გახლავთ) დიდი მხარდაჭერით.

მრავალ საინტერესო პროექტთა შორის, რომელსაც ასოციაცია ახორციელებს, აღსანიშნავია რეგიონალური სადოქტორო კოლეჯების დაარსება. ასეთი კოლეჯი უკვე შეიქმნა შუა აღმოსავლეთის რეგიონისთვის სახელწოდებით CODFRAMO – Collège doctoral de français au Moyen Orient.

აღმასრულებელი კომიტეტის 23 მარტის დღის მეორე ნახევრის სხდომა მიეძღვნება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი სადოქტორო კოლეჯის შექმნის პროექტის წარდგენას.

სადოქტორო კოლეჯი იქნება რეგიონალური სამეცნიერო-კვლევითი ქსელი, რომელიც გააერთიანებს ამ რეგიონის უნივერსიტეტების და სამეცნიერო დაწესებულებების მეცნიერებს, მკვლევრებს, სადოქტორო დისერტაციების ხელმძღვანელებს, დოქტორანტებს და ხელს შეუწყობს მათ შორის ინტერაქციას, მობილობას, ერთობლივი სემინარების, კონფერენციების ჩატარებას, ერთობლივი კვლევების განხორციელებას, მონაცემთა რეგიონალური ბაზის, ერთგვარი რესურს-ცენტრის,   შექმნას და ა.შ.
 
23 მარტის დღის მეორე ნახევრის სხდომაზე, რომელიც გაიმართება 15 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-5 კორპუსის მე-3 სართულზე, CNF-ში, მოწვეულები არიან ფილოლოგიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების დეკანები, ამ სფეროს სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელები, დოქტორანტები, მათი სამეცნიერო ხელმძღვანელები.

ვიდეოკონფერენციის საშუალებით სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტები ზემოაღნიშნული შემადგენლობით.
 
სხდომა ჩატარდება ფრანგულ ენაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროფესორ მზაღვე დოხტურიშვილს:
599 21 85 17
mzagho_dokhturishvili@iliauni.edu.ge
mzarodok@yahoo.fr
 
AFELSH-ის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მიბმულ დოკუმენტში.

ბანერები