ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

ღონისძიებები

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება კავშირის „ჩვენი ბავშვები“ და „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ 2017 წლის კამპანიას „ჩემი ხმა საზოგადოებაში“, რომელიც 15 მარტს დაიწყება და 21 მარტს დასრულდება.

კამპანიის ფარგლებში, 17 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა სპიკერების კონფერენცია, რომელზეც დასწრება თავისუფალია ფართო საზოგადოებისთვის.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გიგო შიუკაშვილი, ლექსო ფოდიაშვილი, სესილი ღვინჯილია და ლევან გოცაძე.

მომხსენებლები ისაუბრებენ საკუთარი საჭიროებების და გამოცდილების შესახებ, თუ როგორია ქართულ საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ყოველდღიურობა, რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი და რა სახის ბარიერები ექმნებათ სახელმწიფოსგან. 

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა სრული განრიგი: 15-21 მარტი

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა, მშობელთა და პროფესიონალთა კავშირის „ჩვენი ბავშვები“ და „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ეგიდით, 2017 წელს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები მონაწილეობას მიიღებენ შემდეგ ღონისძიებებში:

  • 15-21 მარტი - „უთვალავი ჭრელი წინდის“ კამპანია;
  • 15 მარტი - შეხვედრა CSR კლუბთან და ფოტოგადაღება ჭრელი წინდებით;
  • 17 მარტი - დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა სპიკერების კონფერენცია ილიაუნიში;
  • 20 მარტი - ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში და შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან;
  • 21 მარტი - კონფერენცია „ჩემი ხმა საზოგადოებაში“ ყოფილი პარლამენტის შენობაში;
  • 21 მარტი - ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საქართველოს ყველა რეგიონის 17 მუნიციპალიტეტში;
  • 15-21 მარტი - კამპანია მსოფლიო და ადგილობრივი ვიდეორგოლებით.

კამპანიის შესახებ

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის 2017 წლის სლოგანია: ჩემი ხმა საზოგადოებაში - დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს უფლება აქვთ, გამოთქვან აზრი და იქონიონ ზეგავლენა სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, რაც უზრუნველყოფს სრულ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში (My Voice, MyCommunity – Enabling people with Down syndrome to speak up, be heard and influence government policy and action, to be fully included in the community). აღნიშნული სლოგანიდან გამომდინარე, 2017 წლის კამპანიის მოქმედი პირები იქნებიან თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, რომლებიც ისაუბრებენ საკუთარი უფლებების შესახებ.

საინფორმაციო კამპანიის მიზანია საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულუფლებიან მოქალაქეებად დამკვიდრება.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის შესახებ

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.

საერთაშორისო ორგანიზაცია DSI (Down Syndrome International), რომლის წევრიცაა კავშირი „ჩვენი ბავშვები“, ყოველწლიურად განსაზღვრავს მსოფლიო სლოგანებს, ამ სლოგანის გარშემო გაეროს შტაბბინაში ატარებს კონფერენციას და აკეთებს მსოფლიო ვიდეორგოლს. უთვალავი წინდის („Lot`s of Socks“) ტრადიცია კი, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა, უკვე მეოთხე წელს ითვლის.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის დაწესება გამოწვეულია დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებითა და სტერეოტიპებით მთელს მსოფლიოში. საზოგადოების მხრიდან სტიგმები და გაუცხოება კი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა საქართველოში.

ორგანიზატორთა შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობელთა და პროფესიონალთა კავშირი „ჩვენი ბავშვები“ 2006 წელს, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და თემაზე მომუშავე პროფესიონალების მიერ დაფუძნდა და, დონორ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განახორციელა .

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ 2017 წლის 16 იანვარს დაფუძნდა კავშირის „ჩვენი ბავშვები“, ლიდერი მშობლებისა და დაუნის სინდრომის მქონე ზრდასრულების მიერ. ორგანიზაცია საქმიანობს მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელს უწყობს რეგიონალური ფილიალების დაფუძნებას/განვითარებას, წარმოაჩენს დაუნის სინდრომის თემაში არსებულ საკითხებსა თუ გამოწვევებს ადგილობრივ და საერთაშორისო მასშტაბით.

კონფერენციის დრო: 17 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები