ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

2019 წლის საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის პირველი ეტაპი

ღონისძიებები

წელს ილიას უნივერსიტეტის უმასპინძლებს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის რესპუბლიკურ ეტაპს, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • შესარჩევი პირველი ტური თებერვალში;
  • შესარჩევი მეორე ტური აპრილში (დასახელდებიან ნაკრების კანდიდატები);
  • რეიტინგის მიხედვით საუკეთესო სამი გუნდი იბრძოლებს ფინალში (ნაკრების კანდიდატებს დაემატებიან გამარჯვებული გუნდის სტუდენტები);
  • შემდეგ გაიმართება ინგლისური ტური (აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში), რომლის შედეგადაც საბოლოოდ დადგინდება საერთაშორისო ტურნირზე გასამგზავრებელი 5-კაციანი ნაკრების შემადგენლობა.


ღონისძიების პირველი ეტაპი გაიმართება 16, 17, 23, 24 თებერვალს.

რას წარმოადგენს ტურნირი?

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი (ინგლ. International Young Physicists' Tournament ან IYPT) — გუნდური შეჯიბრება სკოლის მოსწავლეთა შორის. მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკის რთული ამოცანების ამოხსნაში, ამოხსნის შესახებ მოხსენებასა და ამ მოხსენებების სამეცნიერო დისკუსიის დროს დაცვის უნარში ეჯიბრებიან. ფიზიკის ოლიმპიადებისგან განსხვავებით ტურნირის ამოცანების ამოხსნა მონაწილეებისგან რამდენიმეთვიან სერიოზულ ექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევას მოითხოვს, ამიტომ ამოცანები სასწავლო წლის დასაწყისში ქვეყნდება, ტურნირი კი სასწავლო წლის ბოლოს იმართება.

ვინ იგონებს სატურნირო ამოცანებს?

ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტი 17 ამოცანას აქვეყნებს. ეს კვლევითი ტიპის ამოცანებია, რომელთაც საგამოცდო და საოლიმპიადე ამოცანებისგან განსხვავებით რამდენიმე საათში ვერ ამოხსნი. ამოხსნა სრულად რომ ჩაითვალოს, მოსწავლეებმა მოვლენის თეორიული მოდელის აგების გარდა ექსპერიმენტულად უნდა შეამოწმონ მოდელის სისწორე. ასევე საჭიროა მოვლენის სხვადასხვა პარამეტრზე დამოკიდებულების შესწავლა. ამოცანების ამოხსნისას ინფორმაციის მოპოვებაზე შეზღუდვა არ არსებობს. მოსწავლეებს შეუძლიათ მასალა მოიპოვონ ნებისმიერი ლიტერატურიდან, დარგის ექსპერტის, მასწავლებლის ან/და ყოფილ მონაწილეთაგან. შესაბამისად, ტურნირზე წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდური და ორგანიზებული მუშაობა.

რას წარმოადგენს ტურნირი:

უშუალოდ ტურნირი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. თითოეულ ნაწილს „ბრძოლას“ უწოდებენ. მონაწილე გუნდები აგროვებენ ქულებს, შესარჩევი ბრძოლების ბოლოს სამი ყველაზე მაღალქულიანი გუნდი გადის ფინალურ ბრძოლაში. ფინალი კი ტურნირის გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.

რა არის ბრძოლა ფიზიკოსთა ტურნირზე?
ტურნირში მონაწილე გუნდები სამ ან ოთხგუნდიან ჯგუფებად იყოფიან. თითოეული მონაწილეობს საერთო ბრძოლაში. ბრძოლის განმავლობაში გუნდების რაოდენობის მიხედვით ტარდება 3 ან 4 ეტაპი. თითოეულ ეტაპზე გუნდებს რიგრიგობით ხვდებათ შემდეგი როლები:

  • მომხსენებელი
  • ოპონენტი
  • მიმომხილველი
  • დამკვირვებელი (მხოლოდ 4-გუნდიან ჯგუფებში)

თითო ეტაპი, როგორც წესი, 30-50 წუთს გრძელდება ეტაპებს შორის 5-15 წუთიანი შესვენებებით. ეტაპის დასაწყისში ოპონენტი მომხსენებელს სთავაზობს ერთ-ერთ სატურნირო ამოცანას.

როდესაც მომხსენებელი დათანხმდება ამოცანაზე, მას 5 წუთი ეძლევა მოსამზადებლად, 12 წუთი კი – მოხსენებისთვის. მოხსენების შემდეგ ოპონენტს შეკითხვების დასმის უფლება აქვს. მერე ის აფასებს მომხსენებლის ნამუშევარს და მიუთითებს მის ძლიერსა და სუსტ მხარეებზე. იმართება დისკუსია მომხსენებელსა და ოპონენტს შორის ამოცანის ირგვლივ წამოჭრილი საკითხების შესახებ. ეტაპის დასასრულ მიმომხილველი უსვამს შეკითხვებს როგორც მომხსენებელს, ისე ოპონენტს. მათზე პასუხების მიღების შემდეგ მიმომხილველი აფასებს როგორც მომხსენებლის, ასევე ოპონენტის დადებითსა და უარყოფით მხარეებს ამოცანის შესახებ დისკუსიის დროს. ბოლოს მომხსენებელს უფლება აქვს რამდენიმე დასკვნითი შენიშვნა გააკეთოს.

ეტაპის დასრულების შემდეგ ტურნირის ჟიური აფასებს სამივე გუნდის გამოსვლას 1-დან 10-მდე ქულით.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ტურნირის ვებგვერდზე:
https://www.facebook.com/Georgian-Young-Physicist-Tournament-GYPT-192077921735348/

 

 დრო: 16 თებერვალი, 09:00 -15:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები