ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სემინარი ”ინტეგრაცია და ტოლერანტობა”

განცხადებები

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით 2010 წლის 19-20 აპრილს ჩატარდება სემინარი სტუდენტებისათვის "ინტეგრაცია და ტოლერანტობა". სემინარი გაიმართება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოში ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის (NITG) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სემინარში მონაწილეობისთვის შეირჩევა 20 სტუდენტი, მათ შორის 5 ქვემო ქართლიდან, 5 სამცხე-ჯავახეთიდან და 10 თბილისიდან. სემინარის ძირითადი მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების, ტოლერანტობისა და ინტეგრაციის საკითხებზე. შესაბამისად, მონაწილეთა უმრავლესობა შეირჩევა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისაგან. სემინარი გაიმართება ქართულ ენაზე.

სემინარის ხანგრძლივობაა 2 დღე. პირველი დღე დაეთმობა საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი დებულებების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს კანონმდებლობის, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მიმოხილვას. მეორე დღე დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტოლერანტობა და საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარება.

სემინარი ჩატარდება სახალხო დამცველის ოფისში (თბილისი, მაჩაბლის ქ. 11). სემინარში სრულად მონაწილეობა სავალდებულოა. მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

სემინარში მონაწილეობის ხარჯები ანაზღაურდება ორგანიზატორთა მიერ.

საჭირო დოკუმენტები:

• CV
• სამოტივაციო წერილი

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 6 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: (8 32) 29 47 11

ბანერები