ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საზაფხულო სკოლა კავკასია - კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი
საზაფხულო სკოლა
კავკასია - კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა
Faszination Kaukasus - Kultur, Gesellschaft, Politik


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწვევს ქართველ სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში „კავკასია - კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“ მონაწილეობის მისაღებად. უკვე მეხუთე წელია, საზაფხულო სკოლა იმართება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით, პროგრამა „GoEast“-ის ფარგლებში.

სკოლაში გამოყოფილია 5 ადგილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. მსურველები კარგად უნდა ფლობდნენ გერმანულ ენას (მინიმალური ენობრივი კომპეტენცია: B1), რათა შეძლონ მონაწილეობის მიღება სასემინარო დისკუსიებში და გაუზიარონ გერმანელ სტუდენტებს თავიანთი დამოკიდებულება ამა თუ იმ სოციალური, პოლიტიკური ან კულტურული საკითხის მიმართ. ქართველი სტუდენტებისგან ასევე მოველით აქტიურ მონაწილეობას კულტურულ ღონისძიებებში, რომლებიც უმეტესად დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

საზაფხულო სკოლა უზრუნველყოფს ქართველი სტუდენტების ყოველდღიურ სადილს, ასევე ცხოვრებასა და კვებას ყაზბეგის საუნივერსიტეტო სასტუმროში. სასურველია (მაგრამ არა სავალდებულო), რომ ქართველმა სტუდენტებმა თბილისში თავიანთ ბინებში უმასპინძლონ ერთ ან ორ გერმანელ სტუდენტს (14 ღამე, 140 ევრო).

ამრიგად, საზაფხულო სკოლა აძლევს ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას, ევროპელ სტუდენტებთან ურთიერთობით გაიუმჯობესონ თავიანთი ენობრივი და კულტურათშორისი კომპეტენციები, შეიძინონ ახალი მეგობრები და გაერთონ მათთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ საინტერესო ექსკურსიებში და შუამავლობა გაუწიონ თავიანთ ქვეყანას.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა 2014 წლის 1 ივნისამდე უნდა წარმოადგინონ ტაბელარული ბიოგრაფია (CV), სამოტივაციო წერილი და გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა მისამართზე gchantladze@iliauni.edu.ge. კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება არაუგვიანეს 2014 წლის 30 ივნისისა.

იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც არ სურთ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა, მაგრამ შეუძლიათ, უმასპინძლონ გერმანელ სტუდენტებს, არ არის საჭირო საბუთების წარმოდგენა. მათ მხოლოდ უნდა შეატყობინონ თავიანთი სურვილის შესახებ საზაფხულო სკოლის კოორდინატორს და მიაწოდონ მას თავიანთი მისამართი არაუგვიანეს 2014 წლის 30 ივნისისა.

დეტალური ინფორმაცია საზაფხულო სკოლის შესახებ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე:

დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელს, პროფ. ლევან ცაგარელს (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, levan_tsagareli@iliauni.edu.ge) ან საზაფხულო სკოლის კოორდინატორს, გიორგი ჩანტლაძეს (სტუდენტური სერვისცენტრის ხელმძღვანელი, gchantladze@iliauni.edue.g).

ბანერები