ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საზაფხულო სკოლა გერმანელი სტუდენტებისთვის

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი საზაფხულო სკოლა გერმანელი სტუდენტებისთვის
კავკასია 2014 - კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა
Faszination Kaukasus 2014 - Kultur, Gesellschaft, Politik

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწვევს გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში „კავკასია - კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“ მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლა უკვე მეხუთე წელია იმართება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით, პროგრამის „GoEast“ ფარგლებში.

საზაფხულო სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს კავკასიის როგორ ფენომენის გააზრებას ევროპულ აკადემიურ სივრცეში და ამით წვლილი შეიტანოს ევროპისა და კავკასიის ქვეყნების კულტურულსა და პოლიტიკურ ურთიერთდაახლოებაში. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ კავკასიის კულტურისა და პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტებს არა მხოლოდ თეორიულად - სასემინარო მუშაობის შედეგად, არამედ პრაქტიკულადაც - ქართულ სინამდვილესთან უშუალო კავშირის  შედეგად. პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად ისინი მონაწილეობას მიიღებენ არაერთ ექსკურსიასა და მასპინძელი ქართული ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზაფხულო სკოლის ფარგლებში შეძენილი ცოდნა და კულტურათშორისი კომპეტენციები შექმნის საფუძველს გერმანიაში კავკასიის კვლევების გაღრმავებისა და მომავალი თანამშრომლობისთვის. 
საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობაა ორი კვირა (05.09.2014-19.09.2014), იგი მოიცავს სემინარებსა და მოხსენებებს. სემინარებს გაუძღვებიან დოქტორი უვე ჰალბახი (მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდი, ბერლინი) და დოქტორი ფლორიან მიულფრიდი (ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი, იენა). სასემინარო მუშაობის შემდეგ (რომელსაც დღეში ოთხი საათი დაეთმობა) საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეხვდებიან სხვადასხვა დარგის ქართველ ექსპერტებს, ხელოვანებს, პოლიტიკოსებს. საზაფხულო სკოლაში სწავლების ენები იქნება გერმანული და ინგლისური. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს (3 კრედიტი), რომლების მოპოვების წინაპირობა იქნება რეფერატი წინასწარ შეთანხმებულ თემაზე.

სემინარები და შეხვედრები ჩატარდება თბილისში. ექსკურსიებზე (მცხეთაში, უფლისციხეში, დავით-გარეჯში, სიღნაღში, ყაზბეგში) მონაწილეები დაათვალიერებენ კულტურულ ძეგლებს, დატკბებიან ხედებით და მოისმენენ მცირე მოხსენებებს.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური სტიპენდიებით უზრუნველყოფს გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების ოც სტუდენტს, რომლებიც სწავლობენ ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. სტიპენდიის მოსაპოვებლად მსურველებმა განაცხადი უნდა შეიტანონ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურში (http://goeast.daad.de). თვითდაფინანსების შემთხვევაში შერჩეულ კონტინგენტს შეიძლება დაემატოს ხუთი სტუდენტი.
სტუდენტები თბილისში იცხოვრებენ მასპინძელ ოჯახებსა და დაქირავებულ ბინებში, ყაზბეგში კი - საუნივერსიტეტო სასტუმროებში. ცხოვრებისა და კვების ხარჯებს სტუდენტები თავად დაფარავენ.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა 2014 წლის 1 მაისამდე უნდა წარმოადგინონ ტაბელარული ბიოგრაფია (CV), სამოტივაციო წერილი და რეკომენდაცია მისამართზე levan_tsagareli@iliauni.edu.ge. კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება არა უგვიანეს 2014 წლის 1 ივნისისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელს, პროფ. ლევან ცაგარელს (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, levan_tsagareli@iliauni.edu.ge) ან საზაფხულო სკოლის კოორდინატორს, გიორგი ჩანტლაძეს (სტუდენტური სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი, gchantladze@iliauni.edu.ge).

ბანერები