ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სამართლის სკოლის საბჭოს განცხადება

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბჭოს განცხადება

2013 წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული შესწორება სამოქალაქო კოდექსში, რომლის მიხედვითაც,

„38.1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით ის გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად;

38.11. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირის გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა), შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და ლიკვიდაცია ხორციელდება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისათვის/რეორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამ შესწორების მიხედვით უნივერსიტეტის პროფესორების, მკვლევარების და სტუდნეტების ნების გათვალისწინების გარეშე, ან ნების საწინაამღდეგოდ, მთავრობას უფლება ეძლევა შეცვალოს სახელმწიფოს მიერ დაარსებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის - უნივერსიტეტის იურიდიული ფორმა და გადააკეთოს ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. გარდა იმისა, რომ ეს მოქმედება და ამ მოქმედების განმაპირობებელი საკანონმდებლო ცვლილება უნივერსიტეტის - პროფესორთა, მკვლევართა და სტუდენტთა ერთობის - ავტონომიაში, თვითმმართველობაში და აკადემიურ თავისუფლებაში ჩარევა და მათი შეზღუდვაა, ეს შესწორება ლახავს და აუქმებს იმ ფილოსოფიურ საფუძვლებს, რომელსაც დემოკრატიული ქვეყნის სამართლებრივი მოწყობა ემყარება: ეს არის კერძო და ინტელექტუალური საკუთრების და მათი შექმნელის/მესაკუთრის ხელშეუხებლობა: დემოკრატიულ და თავისუფლების პრინციპებზე აღმოცენებულ ქვეყანაში კერძო და ინტერელექტუალური საკუთრების შემქმნელი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მისი საკუთრების და მისი სუბიექტობის გაუქმება და მიტაცება შეუძლებელია, რომ ის დაცულია. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი დემოკრატიულ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციური განვითარება და ცოდნის ეკონომიკა.

ამიტომ, მივმართავთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაითვალისწინონ ყოველივე ზემოდთქმული და დაუბრუნონ უნივერსიტეტის პროფესორებს, მკვლევარებს და სტუდენტებს უფლება თვითონ გადაწყვიტონ, თუ რა იურიდიული ფორმით ურჩევნიათ არსებობა საქართველოს და საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბჭო

ბანერები