ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საინჟინრო კოლეჯში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 აგვისტოს №664 ბრძანებით დამტკიცებული ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 54-ე, 55-ე მუხლების, ,, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის და აკადემიურ თანამდებობებზე დასაქმების პირობების", აკადემიური საბჭოს 2010 წლის 11 იანვრის №35 სხდომის ოქმის საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. 2010 წლის 12 იანვრიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტ საინჟინრო კოლეჯში ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ერთ საშტატო ერთეულზე.
2. კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ანკეტა ( შევსებული);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)ოთხი ფოტოსურათი 3X4;
დ)შესაბამისი სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ე)ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;
ვ)ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა ( სილაბუსი);
ზ) კანდიდატს შეუძლია აგრეთვე წარმოადგინოს სხვა საბუთები, რომლებიც ადასტურებს მის შესაბამისობას ამ ბრძანების მე-5 მუხლში ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან;
4. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირს, კერძოდ:
ა) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამასთან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
5. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდება
სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას შემდეგი
ძირითადი კრიტერიუმები:
ა) კანდიდატის უნარი, მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე
ასწავლოს კურსები შესაბამის სპეციალობაში;
ბ) პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
გ) სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო
ათი წლის განმავლობაში);
დ) კვლევისათვის სახსრების მოძიებისა და კვლევითი სამუშაოების ორგანიზების
გამოცდილება;
6.საბუთების მიღება იწარმოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში. საბუთების მიღება დაიწყება 2010 წლის 12 თებერვლიდან. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 5 მარტი.
7.კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2010 წლის 6 აპრილს.
8.კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად ჩაითვლება და შრომის ხელშეკრულება გაუფორმდება 2010 წლის 6 აპრილიდან.
9.საბუთები აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი აგრეთვე ელექტრონული ფორმით ( სამეცნიერო ნაშრომის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა არ არის აუცილებელი). საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა იქნეს მოწოდებული ან დისკით, ან გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: uni@iliauni.edu.ge
10.კანცელარიას დაევალოს ბრძანების ასლების გადაცემა შემდეგი სტრუქტურებისთვის: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, საფინანსო სამმართველო, რექტორის აპარატი, ფაკულტეტი საინჟინრო კოლეჯი.
11.უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებს დაევალოს ბრძანების უნივერსიტეტის საიტზე და მედიის ბეჭდვით საშუალებებში განთავსება.

რექტორი                                                                                    გიგი თევზაძე

 

ბანერები