ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

PPRTC-ი საგრანტო კონკურსი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამასთან (MPA) არსებული საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი (PPRTC) საგრანტო კონკურსს სახელწოდებით „სახელმწიფოს როლი დასაქმებულთა უფლებების დაცვის და რეგულირების სფეროში“ აცხადებს. საგრანტო კონკურსის მიზანია, საჯარო პოლიტიკის ანგარიშის (Policy Paper) შემუშავება, რომელიც საკითხის სრულფასოვან კვლევას და ანალიზს დაუფუძვნება და მუშათა უფლებების დაცვისა და რეგულირების გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო სტრუქტურებს  რეალისტურ და კონკრეტულ რეკომენდაციებს მიაწოდებს.

წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი უნდა: (1) განიხილავდეს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას შრომის რეგულირების სფეროში; (2) წარმოადგენდეს ამ მიმართულებით შრომის კოდექსის ახალი რეგულაციების  ანალიზს; (3) კონკრეტული მაგალითების საფუძველზე განიხილავდეს და აანალიზებდეს სახელმწიფოს როგორც  აქტორის და მედიატორის როლის ფუნქციას მხარეთა (დასაქმებული და დამსაქმებელი) ინტერესების სამართლიანი ბალანსის დაცვაში (4) შეიცავდეს პრობლემის გადაჭრის პრაქტიკულ, რეალისტურ და კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომელიც იქნება გამოყენებადი სახელმწიფო პოლიტიკის შემქმნელთათვის.

საგრანტო კონკურსში პროექტები შეუძლიათ წარმოადგინონ  ქართველმა მკვლევარებმა და აკადემიურმა პერსონალმა.

საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრთან (PPRTC) არსებული მრჩეველთა საბჭო, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებისგან, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საერთაშორისო დონორების და ქართული საჯარო სექტორის წარმომადგენლებისგან შედგება, წარმოდგენილი განაცხადებიდან ერთ გამარჯვებულ ავტორს შეარჩევს, რომელსაც მოეთხოვება სამი თვის განმავლობაში (2014 წლის 1 ივნისიდან - 1 სექტემბრის ჩათვლით) მითითებული კვლევის წარმოება. გრანტის მაქსიმალური ოდენობა საკვლევ პროექტზე შეადგენს 2,500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აულებელია შესაბამისი აპლიკაციის შევსება და პროფესიულ რეზუმესთან ერთად განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტებზე გადაგზავნა მიმდინარე წლის 23 მაისის ჩათვლით.

აღნიშნულ საგრანტო კონკურსი ხორციელდება პროექტის „საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის შექმნა“ ფარგლებში, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) ერთად ახორციელებს.

საგრანტო განაცხადის ანოტაცია
საგრანტო განაცხადის ფორმა

ბანერები