ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

2013 წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული შესწორება სამოქალაქო კოდექსში, რომლის მიხედვითაც,

„38.1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით ის გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად;

38.11. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირის გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა), შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და ლიკვიდაცია ხორციელდება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისათვის/რეორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამ შესწორების მიხედვით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორების, სტუდენტების და მკვლევარების უკითხავად, შეიძლება გადაკეთდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. გარდა იმისა, რომ ეს აქტი უნივერსიტეტის ავტონომიის და თვითმმართველობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა იქნება, საჯარო სამართლის იურიდიული ფორმა მნიშვნელოვნად უკან დახევს უნივერსიტეტს საკუთარი განვითარების გზაზე: მაგალითად, საჯარო სამართლის იურიდიული ფორმა გამორიცხავს უვადო და უვადოზე ორიენტირებულ კონტრაქტებს, რომელიც უკვე მოქმედებს ილიას უნივერსიტეტში და რომელის გარეშეც, ცნობილია, უნივერსიტეტებში სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო არ იქმნება. ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული ფორმა გაადვილებს მომავალში უნივერსიტეტის კერძო და ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფას: უნივერსიტეტი ზოგადად, ხოლო კონკრეტულად ჩვენი უნივერსიტეტი, არა მარტო არის იმ ქონების კერძო მესაკუთრე, რომლიც ჩვენ სახელმწიფომ გადმოგვცა, არამედ, ქმნის კიდეც კერძო საკუთრებას - უძრავი, მოძრავი და ინტელექტუალური საკუთრებების სახით. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის მოშლა შეაჩერებს უნივერსიტეტის განვითარებას და დაგვაბრუნებს იმ გარემოში, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს და პოსტ-საბჭოტა პერიოდში არსებობდა, როდესაც უნივერსიტეტები მხოლოდ სამუშაო ადგილების ერთობლიობა იყო, და არა - პროფესორთა, მკვლევართა და სტუდენტთა ერთობა.

ამიტომ, მივმართავთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაითვალისწინონ ყოველივე ზემოდთქმული და დაუბრუნონ უნივერსიტეტის პროფესორებს, მკვლევარებს და სტუდენტებს უფლება თვითონ გადაწყვიტონ, თუ რა იურიდიული ფორმით ურჩევნიათ არსებობა საქართველოს და საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭო

ბანერები