ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ლიტერატურის მე-3 საერთაშორისო კონფერენცია

განცხადებები

გამოძიება და პროცესი ლიტერატურასა და ხელოვნებაში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო)
ლორანსიენის უნივერსიტეტი (სედბერი, ონტარიო, კანადა)
თბილისი 27 – 29 ივნისი, 2012 წელი

შედარებითი ლიტერატურის მე-3 საერთაშორისო კონფერენცია 2012 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლავაც ინტერდისციპლინარული და ინტერკულტურული დიალოგის სივრცის შექმნის მიზნით იმართება.

კონფერენციის თემატიკა შეუზღუდავია. სესიებზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები მსოფლიო ლიტერატურის/კულტურის სხვადასხვა ასპექტებზე.

კონფერენციის სპეციალური თემატური სესიები მიეძღვნება გამოძიებასა და პროცესს ლიტერატურასა და ხელოვნებაში.

გამოძიება და პროცესი, იურისპუდენციის გარდა, ისტორიულად სხვა დისციპლინების ინტერესის საგანიც იყო. ისტორიამ არაერთი საინტერესო ფაქტი შემოგვინახა გამოძიებისა და პროცესისა, რომლებიც იმთავითვე იქცა ისტორიულ მოვლენად და დროთა განმავლობაში შედევრებად აქცია  ლიტერატურამ და ხელოვნებამ. დღეს კი, საყოველთაო ინტერდისციპლინარიზმის ეპოქაში, ბუნებრივია, უფრო დიდ ინტერესს იჩენენ მისდამი სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. კონფერენციის მიზანია თავი მოუყაროს ამ მოვლენათა ამსახველ ძეგლებსა თუ ფაქტებს და ერთობლივი მსჯელობის საგნად აქციოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ეპოქასა და სხვადასხვა რეჟიმის პირობებში შექმნილი ბევრი საინტერესო ძეგლი, რომლებშიც გამოძიებისა და პროცესის თემაა ასახული.

პოლიტიკური რეჟიმი, როგორც ცნობილია, დიდწილად განსაზღვრავდა სამართლის ნორმებს და გავლენას ახდენდა გამოძიებასა და პროცესზე; შესაბამისად, პრობლემებისადმი მიდგომაც მრავალგვარი შეიძლება იყოს არა მხოლოდ იურიდიული, არამედ ისტორიული, ლინგვისტური, ლიტერატურული, კინემატოგრაფიული და სხვა.

გამოძიება და პროცესი კოლონიზტორული თუ ტოტალიტარული რეჟიმების ხელში საზოგადოებრივ და კულტურულ სფეროთა მართვის იარაღი გამხდარა. კონფერენციის სპეციალურ სესიებზე განხილვის თემა იქნება, თუ როგორ ხდებოდა კოლონიზატორული/ტოტალიტარული რეჟიმების მიერ გამოძიებითა და პროცესით მანიპულირება, როგორ აისახებოდა ეს კულტურაზე და როგორ ასახავდა კულტურა ამ რეალობას. პოსტკოლონიალური თეორიული მიდგომებით კოლონიური რეალობის გადააზრება ამ სესიების ამოცანა იქნება.

გამოძიებისა და პროცესისადმი
მიძღვნილი სესიების თემატიკა შემოუსაზღვრავია ეპოქისა და რეჟიმის მიხედვით, რაც წარმოდგენილი თემის  ფარგლებში მონაწილეებს საშუალებას აძლევს, საკითხი ფართო სპექტრით განიხილონ: არა მხოლოდ საკუთრივ იურიდიული თვალსაზრისით, არამედ წარმოადგინონ გამოძიებისა და პროცესის თემა, ასახული ლიტერატურასა და ხელოვნების ნებისმიერ დარგში და სხვადასხვა ეპოქაში იმ მეთოდოლოგიით, რომლის გამოყენებასაც კონკრეტულ ტექსტთან მიმართებით საჭიროდ მიიჩნევენ; აგრეთვე იმსჯელონ გამოძიებისა და პროცესების მთელ წყებაზე, რომელიც მიმართული იყო ლიტერატურისა თუ ხელოვნების სფეროთა და საკუთრივ შემოქმედთა  წინააღმდეგ.

კონფერენციის ორგანიზატორები:
შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), სამართლის ფაკულტეტი (სედბერის ლორანსიენის უნივერსიტეტი, ონტარიო, კანადა).

გთხოვთ, წარმოადგონოთ განაცხადი კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად: სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი, მოხსენების სათაური, მოხსენების თეზისები 300 სიტყვა.

გთხოვთ, განაცხადი წარმოადგინოთ ელექტრონულ მისამართზე: complit@iliauni.edu.ge

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა გაგრძელდა 2012 წლის 31 მარტამდე.

საორგანიზაციო კომიტეტი:
ბელა წიფურია - bela_tsipuria@iliauni.edu.ge
მზაღო დოხტურიშვილი - mzarodok@yahoo.fr
ათინათ მამაცაშვილი – tina_mamatsashvili@iliauni.edu.ge
ინგა ღუტიძე - inga_gurjistani@yahoo.com

ბანერები