ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონრად ადენაუერის ფონდის პოლიტიკური განათლების აკადემია - პროექტის მონაწილე სტუდენტების შერჩევა

განცხადებები

კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, იწყებს პოლიტიკური განათლების აკადემიის ჩამოყალიბებას.

აკადემია მიზნად ისახავს ახალგაზრდებში (18-25 წლის) არაფორმალური პოლიტიკური განათლების განვითარების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას.  პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მიმართულების სტუდენტს.

პოლიტიკური განათლების აკადემია განხორციელდება ორ ეტაპად:

  1. 2017 წლის 27-30 აპრილს თბილისში ჩატარდება 4-დღიანი ტრენინგი კონკურსით შერჩეული სტუდენტებისათვის. ტრენინგის შემდეგ სტუდენტები საკუთარ უნივერსიტეტებში განახორციელებენ შემუშავებულ პროექტებს,  რომელთაც კონრად ადენაუერის  ფონდი  დააფინანსებს.
  2. 2017 წლის 14-17 ივნისს მონაწილე სტუდენტები ლოპოტას ტბაზე (კახეთი) გაივლიან საზაფხულო სკოლას, რომელიც მიზნად ისახავს განხორციელებული პროექტების განხილვასა და სიმულაციას - Politics and Bargaining.

სრული კურსის დამთავრების შემდეგ, პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

მონაწილეთა შერჩევა

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის 1-ლი, მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებს.

პოლიტიკური განათლების აკადემიაში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 30 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ  განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: shorena.gharibashvili@kas.de

განაცხადი  მოიცავს ავტობიოგრაფიასა  (Curri-culum Vitae europass ფორმატში, იხ: http://europass. cedefop.europa.eu/documents/curriculum-vitae) და არგუმენტირებულ ესეს თემაზე: „დემოკრატიის გამოწვევები“ (Word, მაქს. 500 სიტყვა, ფონტი Sylfaen 11, სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,15, ქართულ ენაზე).

ესე: თანამედროვე სახელმწიფო, შეზღუდული რესურსების გამო, ვერ ახერხებს, თანაბრად   უზრუნველყოს ყველა მოქალაქის მოთხოვნილება - დემოკრატიის ისეთი ფუნდამენტური ღირებულებაც კი, როგორიცაა თავისუფლება; ხოლო თანასწორობა ხშირად თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში მოდის -  წესრიგის დამყარება შეიძლება  ვინმეს თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობდეს.

არგუმენტირებულ ესეში წარმოდგენილი უნდა იყოს სტუდენტის დასაბუთებული მოსაზრება ამ და სხვა საზოგადოებრივი გამოწვევების გადაჭრის შესახებ.

მონაწილეთა განაცხადებს განიხილავს კომისია. არგუმენტირებული ესეს შეფასებისას გათვალისწინებული იქნება განმცხადებლის მიერ წარმოჩენილი:

  • პოლიტიკური წიგნიერება;
  • არგუმენტაციის უნარი;
  • დამოკიდებულება თავისუფლების,  თანასწორობისა და წესრიგის კონცეფციების  მიმართ.

კომისია განცხადების განხილვის საფუძველზე შეარჩევს გასაუბრების კანდიდატებს. გასაუბრება შედგება 2017 წლის 4-6 აპრილს.

განაცხადების განხილვისა და გასაუბრების შედეგების საფუძველზე შეირჩევიან პოლიტიკური განათლების აკადემიის მონაწილე სტუდენტები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

შორენა ღარიბაშვილი - კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის პროექტების კოორდინატორი

ელფოსტა: shorena.gharibashvili@kas.de

კონრად ადენაუერის ფონდის შესახებ

კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ძირითადი პრინციპებია: თავისუფლება, სამართლიანობა და სოლიდარობა. ორგანიზაცია წარმოადგენს პოლიტიკურ ფონდს, რომელიც იზიარებს გერმანიის ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის მრწამსს. ორგანიზაციის საქმიანობის ცენტრში დგას ადამიანი თავისი ღირსებებით, უფლებებითა და მოვალეობებით.

ფონდის დიდი სურვილია, ადამიანები ჩაერთონ საერთო მომავლის შექმნაში. ამ მიზნით, ფონდს მსოფლიოში 70–ზე მეტი წარმომადგენლობა ჰყავს და 120–ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რათა ხელი შეეწყოს დემოკრატიის, სოციალური საბაზრო ეკონომიკისა და სამართლიანობის განვითარებას. კონრად ადენაუერის სახელობის ფონდს (KAS) აქვს ფორმალური და არაფორმალური პოლიტიკური განათლების მდიდარი გამოცდილება საქართველოში.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები