ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ინფორმაცია ილიაუნიში სტიპენდიების გაცემის შესახებ

განცხადებები

მიმდინარე სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაუბრუნდა სახელმწიფო სტიპენდიების გაცემის ძველ, 2008-2013 წლებში მოქმედ, წესს. 
ამ წესის თანახმად, სახელმწიფო სტიპენდიებს მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებიც წარმატებულები იქნებიან ერთიან საუნივერსიტეტო რეიტინგში.  წინა სემესტრის წესი კი გულისხმობდა სახელმწიფო სტიპენდიების შიდა ფაკულტეტური რეიტინგით გაცემას. შიდა ფაკულტეტური რეიტინგით სტიპენდიების გადანაწილების შედეგად, ხშირად სტიპენდია ერგებოდათ უფრო დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, რამაც სტიპენდიის გარეშე დარჩენილი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია. ამ და სხვა, ტექსტში ქვემოთ მოყვანილმა მიზეზებმა განაპირობა ძველ წესზე დაბრუნების აუცილებლობა. 
გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა, რომ ძველი წესის დაბრუნებას ასევე მოყვებოდა უკმაყოფილება სტუდენტების იმ ნაწილში, რომელიც სტიპენდიას შიდა ფაკულტეტური რეიტინგით იღებდნენ გასულ სემესტრში და ერთიანი საუნივერსიტეტო რეიტინგით სტიპენდიას დაკარგავდნენ. ამიტომ უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან დაემატა გარკვეული რაოდენობის სტიპენდიები, რომელიც ფაკულტეტური რეიტინგით გაიცა.

მივიღეთ შემდეგი სურათი  - ამ სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 470 სტუდენტმა მიიღო სტიპენდია:

• 417 სტუდენტმა - სახელმწიფო სტიპენდია;
• ხოლო 53 სტუდენტმა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდია (უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებიდან)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული 53 სტიპენდია შემდეგი პრინციპით გადანაწილდა:
• 3 სტიპენდია გაიცა ერთიანი საუნივერსიტეტო რეიტინგის ზღვარზე მყოფ სტუდენტებზე, რომლებიც სახელმწიფო სტიპენდიის გარეშე დარჩნენ (ანუ ვერ მოხვდნენ 417 სტუდენტს შორის, მაგრამ ჰქონდათ საუნივერსიტეტო რეიტინგით ბოლო სტუდენტის იდენტური ქულა)
• 50 სტიპენდია გადანაწილდა ფაკულტეტური რეიტინგით, აქედან 30 სამართლის პროგრამაზე (რადგან ამ პროგრამის მხოლოდ სამმა სტუდენტმა მიიღო საუნივერსიტეტო რეიტინგით სტიპენდია), 10-10 სტიპენდია კი საინჟინრო და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებზე ფაკულტეტური რეიტინგით.
რექტორმა სტიპენდიების გადანაწილებასთან (ძველ წესზე დაბრუნებასთან და ილიაუნის სტიპენდიების დაწესებასთან) დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიაწოდა აკადემიურსა და წარმომადგენლობით საბჭოებს.
მიმდინარე სემესტრში ერთიანი საუნივერსიტეტო რეიტინგის მიხედვით სტიპენდიების გაცემა გადაწყდა შემდეგი მიზეზების გამო:
• 2008-2013 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გასცემდა სტიპენდიებს საუნივერსიტეტო რეიტინგის მიხედვით. აღნიშნული წესი შეიცვალა მხოლოდ 2013 წლის შემოდგომის სემესტრში და სტიპენდიების გაცემა მოხდა ფაკულტეტური რეიტინგის მიხედვით. შედეგად, გამსვლელი ქულა სტიპენდიების მისაღებად სხვადასხვა ფაკულტეტზე იყო ერთმანეთისგან განსხვავებული. ბიზნესის სკოლის შემთხვევაში, გამსვლელი ქულა იყო 86.75 ქულა, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე  - 92.87 ქულა, სამართლის სკოლაში - 84.67 ქულა, ხოლო საინჟინრო ფაკულტეტზე - 93.48 ქულა. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია იმ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების უკმაყოფილება, რომლებმაც ვერ მიიღეს დაფინანსება,მაშინ როდესაც სტიპენდიები მიიღეს მათზე უფრო დაბალი ქულის მქონე სტუდენტებმა.
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტები არ შედგება ერთგვაროვანი პროგრამებისგან. ერთი და იმავე ფაკულტეტის შიგნით არსებობს პროგრამები, რომლებზეც სწავლასაც ხშირად სრულიად განსხვავებული კომპეტენციები სჭირდება (მაგალითად: მათემატიკისა და ლიტერატურის პროგრამები მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, ან არქეოლოგიისა და ფიზიკის პროგრამები საინჟინრო ფაკულტეტზე). სპეციფიკური კომპეტენციების მოთხოვნა ხდება არა ფაკულტეტის დონეზე, არამედ - პროგრამის დონეზე, რასაც ვერ ითვალისწინებს სტიპენდიის გაცემის წესი, რომელიც ფაკულტეტურ რეიტინგს ეფუძნება. არგუმენტი, რომლის მიხედვითაც სამართლის პროგრამის სტუდენტი არ შეიძლება იყოს კონკურენციაში ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამის სტუდენტთან, ბათილდება, იმის გათვალისწინებით, რომ შიდა ფაკულტეტური დაფინანსების შემთხვევაში, იგივე ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამის სტუდენტი მაინც არის კონკურენციაში მათემატიკის ან ბიოლოგიის სტუდენტთან.
• ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დანერგილია ლიბერალური განათლების სისტემა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საწყის ეტაპზე, ზოგადი მოდულის დონეზე, ყველა ფაკულტეტის სტუდენტი გადის მსგავს პროგრამას. შესაბამისად, უსამართლო იქნებოდა გარკვეული მასალის დაძლევის შემდეგ უფრო დაბალი მოსწრების სტუდენტს მიეღო სტიპენდია  ერთ ფაკულტეტზე, მაშინ როდესაც იმავე მასალის გავლის შემდეგ უფრო მაღალი ქულის მქონე სტუდენტი ვერ მიიღებდა სტიპენდიას სხვა ფაკულტეტზე.

28 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიგა ზედანია, ამ საკითხთან დაკავშირებით ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტებს შეხვდა. სტუდენტების მოსაზრებით, სამართლის პროგრამაზე მაღალი ქულების მიღება უაღრესად რთულია, თითქმის შეუძლებელი. შესაბამისად, ისინი ვერ გაუწევენ სხვა ფაკულტეტების სტუდენტებს კონკურენციას სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებლად. ასეთი სირთულის მიზეზად დასახელდა ტექნიკური პრობლემა - კერძოდ, სამართლის სკოლის სტუდენტს, როგორც სასწავლო კურსში შეფასებების განაწილების გამო, ისე კურსის შეზღუდული ხანგრძლივობის გამო, არ აქვს შესაძლებლობა, გამოასწოროს თუნდაც საპატიო მიზეზით გაცდენილი შუალედური შეფასება და დააგროვოს მაღალი ქულები.

რექტორმა სტუდენტებს წარუდგინა საკითხთან დაკავშირებული ხედვა და პრობლემის აღმოფხვრის 4-ნაბიჯიანი გეგმა:
1. შესწავლილ იქნეს, თუ რაში მდგომარეობს სირთულეები, რომელიც სამართლის პროგრამაზე სტუდენტებისათვის მაღალი ქულების მიღებას და, შესაბამისად, სახელმწიფო სტიპენდიების მოპოვებას ერთიანი საუნივერსიტეტო რეიტინგით  შეუძლებელს ხდის. გამოსწორდეს აღნიშნული პრობლემა 2014 წლის შემოდგომის სემესტრამდე. შესწავლის პროცესში გათვალისწინებული იქნეს ამ პროგრამის სტუდენტების მოსაზრებები (აღსანიშნავია, რომ პროგრამების გადასინჯვის პროცესი მიმდინარეობს სხვა ფაკულტეტებზეც, მაგალითად, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე);
2. 2014 წლის შემოდგომაზე, როდესაც მოხდება სახელმწიფო სტიპენდიების მორიგი გაცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა  კვლავ დაამატოს სამართლის პროგრამაზე სტიპენდიები, რათა პროგრამაში არსებული ტექნიკური პრობლემების  გამო არ მოხდეს საუკეთესო სტუდენტების დაზარალება;
3. პროგრამების გადახედვა-განახლების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიები, ფაკულტეტური რეიტინგის ნაცვლად, მიიმართება სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებაზე;
4. გარდა ამისა, შეხვედრაზე რექტორმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამოქმედდება უნივერსიტეტის შიგნით სტუდენტების დასაქმების პროგრამა, რომელიც იქნება დამატებითი ფინანსური შემოსავლის წყარო სტუდენტებისთვის. 

ბანერები