ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილიაუნის საინჟინრო ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

განცხადებები

2013 წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული შესწორება სამოქალაქო კოდექსში, რომლის მიხედვითაც,

„38.1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით ის გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად;

38.11. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირის გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა), შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და ლიკვიდაცია ხორციელდება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისათვის/რეორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

ეს შესწორება ზღუდავს უნივერსიტეტის ავტონომიას და თვითმმართველობას და შესაბამისად, აკადემიური თავისუფლებასაც, რადგან, უნივერსიტეტში, აკადემიური თავისუფლება არის არა მარტო კვლევის და სწავლების თავისუფლება, არამედ, პროფესორების, მკვლევარების და სტუდენტების უფლება, ქვეყნის კანონმდებლობის ფარგლებში, თვითონვე გადაწყვიტონ, როგორ უნდა იმუშაოს უნივერსიტეტმა, როგორც ადმინისტრაციულმა ერთეულმა და რა ურთიერთობა ჰქონდეს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებებთან. გარდა ამისა, ამ შესწორების მიხედვით უნივერსიტეტის საჯარო სამართლის სუბიექტად ქცევა ბევრად უფრო მოწყვლადად აქცევს უნივერსიტეტის უძრავ, მოძრავ და ინტელექტუალურ საკუთრებას. უნივერსიტეტი, და კონკრეტულად, საინჟინრო ფაკულტეტი, არის არა მარტო საკუთრების მფლობელი, არამედ, ქმნის კიდეც კერძო და ინტელექტუალურ საკუთრებას. სტიმული, რომელიც პროფესორთა, მკვლევართა და სტუდენტთა ერთობას მიმართავს განვითარებისაკენ არის დარწმუნებულობა, რომ მათ მიერ შექმნილი  კერძო და ინტელექტუალური საკუთრება ხელშეუხებელია. შესაბამისად, ამ შესწორებით მიღებით უნივერსიტეტის განვითარებაც ეჭვს ქვეშ დგება.

ამიტომ, მივმართავთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაითვალისწინონ ყოველივე ზემოდთქმული და დაუბრუნონ უნივერსიტეტის პროფესორებს, მკვლევარებს და სტუდენტებს უფლება თვითონ გადაწყვიტონ, თუ რა იურიდიული ფორმით ურჩევნიათ არსებობა საქართველოს და საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის საბჭო

ბანერები