ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილიაუნის ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი

განცხადებები

ბრიტანეთის საბჭო არის მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია, რომლის მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის სასწავლო კურსები გამოირჩევა სწავლების მაღალი ხარისხით. 

ჩვენი გამოცდილება 70 წელზე მეტს ითვლის და ინგლისური ენის სწავლებას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ვახორციელებთ. ჩვენ გამოვირჩევით ინგლისური ენის სწავლებისთვის აუცილებელი მდიდარი და მრავალფეროვანი რესურსებით, გამოცდილებითა და მასალებით.

პირველად საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს არსებობის ცხრამეტწლიანი ისტორიის მანძილზე, ჩვენ ვხსნით ინგლისური ენის სასწავლო ცენტრს და ეს  2012 წლის სექტემბერში მოხდება.

საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს სწავლების მოდელი ორ კომბინირებულ მიმართულებას ითვალისწინებს, ესენია:

· რუსთაველის გამზირზე მდებარე სასწავლო ცენტრი, რომელიც ზოგადად განახორციელებს დაინტერესებულ პირთა სწავლებას როგორც ბრიტანეთის საბჭოს შენობაში, ისე სხვა ორგანიზაციათა შენობებში.

· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრი, რომელიც ინგლისურ ენას შეასწავლის ამავე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს, ანუ სწავლება მოხდება “შიდა პროგრამით” და ასევე იქნება “გარე პროგრამა”, რომელიც მოემსახურება ნებისმიერ დაინტერესებულ მსურველს, თუმცა სწავლება მოხდება უნივერსიტეტის შენობაში.

რუსთაველის გამზირზე მდებარე ბრიტანეთის საბჭოს ოფისსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებადი ცენტრები იქნება განუყოფელი ნაწილი ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრების საერთო ქსელისა, განვახორციელებთ  რა ინგლისური ენის სწავლებას უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

რეგისტრაცია და დონის დასადგენი ტესტი

სწავლების პირველი სემესტრი 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყება, თუმცა კონკრეტულ კურსზე დარეგისტრირება შესაძლებელია 17 სექტემბრიდან.  სათანადო კურსის შესარჩევად საჭიროა გაიაროთ წინასწარი ტესტირება, რომელიც გამოავლენს ინგლისური ენის ცოდნის დონეს და საშუალებას მოგვცემს, შეგირჩიოთ ის სასწავლო კურსი, რომელიც ოპტიმალურად შეესაბამება თქვენს მიზნებსა და საჭიროებებს.

ტესტირებაზე წინასწარ დასარეგისტრირებლად შეგიძლიათ დაგვირეკოთ, მობრძანდეთ  ან ისარგებლოთ ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული რეგისტრირების ონლაინ-სისტემით.

ტესტირებაზე დარეგისტრირება შესაძლებელია აქვე

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ კურსებს:

ინგლისური ენა ზრდასრულთათვის


ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ინგლისური ენის კურსებს ზრდასრულთათვის, აქ იგულისხმებიან როგორც სტუდენტები, ისე უფროსი ასაკის მსურველები, განურჩევლად პროფესიისა. ჩვენი სასწავლო ცენტრები გამოირჩევა მაღალი შედეგებით, ეფექტურობითა და პროფესიონალიზმით,  გაგვაჩნია რა საერთაშორისო ავტორიტეტი. ამავ დროულად, ჩვენ გთავაზობთ სასწავლო  კურსების ფართო არჩევანს ზრდასრულთათვის - დამწყები (Beginners) დონიდან უმაღლეს (Advanced) დონემდე, რაც საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ თქვენი საჭიროებების შესაბამისი კურსი. 

ინგლისური ენა 15-18 წლის მოზარდებისთვის


სწავლა  მოზარდებისთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანაა,  ინგლისური ენის კარგი ცოდნა კი ამ წარმატების ერთ-ერთი  უმთავრესი პირობა. ამდენად,  ჩვენ მოსწავლეებს ვეხმარებით მეტი თავდაჯერებულობის განვითარებაში, განსაკუთრებით ინგლისური  ენის, როგორც ურთიერთობის საშუალების გამოყენებისას. ეს კი მათ მოტივაციას კიდევ უფრო გაზრდის.

15-18 წლის მოსწავლეებს ვთვაზობთ ინგლისური ენის შემსწავლელ 30-საათიან რეგულარულ ან 45-საათიან ინტენსიურ კურსებს. სამი 30-საათიანი კურსისა და ორი 45-საათიანი კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეები მზად იქნებიან მომდევნო დონეზე გადასასვლელად.

საგამოცდოდ მოსამზადებელი კურსები

IELTS გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი


IELTS  გამოცდის წარმატებით ჩაბარება საფუძვლიან მომზადებას მოითხოვს.  ჩვენ გთავაზობთ 30-საათიან სასწავლო კურსს IELTS გამოცდისთვის მოსამზადებლად, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გამოცდაზე აჩვენოთ თქვენი დონის შესაბამისი მაქსიმალური შედეგი.

FCE გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

ჩვენ გთავაზობთ კემბრიჯის FCE (the First Certificate in English (FCE) სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოსამზადებელ 60 ან 40-საათიან კურსებს. გაგაცნობთ გამოცდის ჩაბარების სტრატეგიას და საჭირო ტექნიკას, რათა აღნიშნული გამოცდები გაბედულად და თავდაჯერებულად ჩააბაროთ.

ბანერები