ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილიაუნის ბიზნესის სკოლის საბჭოს განცხადება

განცხადებები

2013 წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული შესწორება სამოქალაქო კოდექსში, რომლის მიხედვითაც,
„38.1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით ის გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად;

38.11. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირის გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა), შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და ლიკვიდაცია ხორციელდება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისათვის/რეორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

ეს შესწორება უფლებას აძლევს მთავრობას, უნივერსიტეტის პროფესორების, მკვლევარების და სტუდენტების ნების გათვალისწინების გარეშე შეცვალოს უნივერსიტეტის იურიდიული ფორმა. მთავრობის ეს უფლება ერთმნიშვნელოვნად ზღუდავს უნივერსიტეტის ავტონომიას და თვითმმართველობას და გამომდინარე აქედან, აკადემიურ თავისუფლებასაც. გარდა ამისა, ის ჩარჩოები, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არსებობს, სრულიად შეუსაბამოა უნივერსიტეტის განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის: ნებისმიერი ჩვენი ახლანდელი და მომავალი პარტინიორისათვის ორი რამაა უპირობოდ მნიშვნელოვანი: უნივერსიტეტის, როგორც ინსტიტუციის სტაბილურობა საკანონმდებლო დონეზე და უნივერსიტეტის კერძო საკუთრების, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების, ხელშეუხებლობა. ეს შეწორება აუქმებს ამ ორივე პრინციპს, რომელზეც ეყრდნობა ნებისმიერი უნივერსიტეტის წარმატება, მდგრადი განვითარება და გრძელვადიანი თანამშრომლობა. 

ამიტომ, მივმართავთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაითვალისწინონ ყოველივე ზემოდთქმული და დაუბრუნონ უნივერსიტეტის პროფესორებს, მკვლევარებს და სტუდენტებს უფლება თვითონ გადაწყვიტონ, თუ რა იურიდიული ფორმით ურჩევნიათ არსებობა საქართველოს და საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბჭო

ბანერები