ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადება

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულება. ნებისმიერი მისი მოქმედების საფუძველი არის საქართველოს კონსტიტუცია, მისგან გამომდინარე კანონები და უნივერსიტეტის წესდება. უნივერსიტეტის მოქმედების ამოსავალი პრინციპებია აკადემიური, სინდისის და არჩევანის თავისუფლებები. უნივერსიტეტის კედლებში ამ თავისუფლებების შეზღუდვა დაუშვებელია.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური წარმომამდგენლები, დარწმუნებულები ვართ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც შექმნილია მეცნიერული კვლევისათვის და მეცნიერების სწავლებისათვის, არის სრულიად სეკულარული, საერო ორგანიზაცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად რელიგიური მიზნების მქონე ინფრასტრუქტურის განვითარება უნივერსიტეტში. ჩვენ ვიცავთ აღმსარებლობის და გამოხატვის თავისუფლებას. ვფიქრობთ, რომ სწორედ იმიტომ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არცერთი აღმსარებლობის და არცერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლობა არ არის, უნივერსიტეტი ასრულებს თავის მთავარ სოციალურ ფუნქციას: საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში ის ღიაა ნებისმიერი დისკუსიისათვის, ნებისმიერ თემაზე ხმამაღლა ფიქრისათვის და ნებისმიერი აზრის გამოხატვისთვის. დარწმუნებულები ვართ, ამ უნივერსიტეტის კედლებში გარანტირებული აკადემიური, სინდისის და არჩევანის თავისუფლებები არის ის, რაც იცავს როგორც პროფესორების და მკვლევარების, ასევე, სტუდენტების და ადმინისტრაციული თანამშრომლების უფლებას, მიაკუთვნონ თავი ნებისმიერ აღმსარებლობას და ამის გამო არ იგრძნონ საკუთარი უფლებების შეზღუდვა.

ასევე, არ შეგვიძლია არ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება საზოგადოების ნაწილის მიერ მოთხოვნილი ცენზურის მიმართ, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში გასაყიდად დადებულ წიგნებს და ჩატარებულ წიგნების პრეზენტაციებს. უნივერსიტეტში ცენზურა დაუშვებელია. იმისდა მიუხედავად, თუ რა დამოკიდებულება აქვს თითოეულ ჩვენგანს კონკრეტულ წიგნთან, ვთვლით, რომ გამოხატვის თავისუფლების პრინციპისადმი ერთგულება, ასევე, უნივერსიტეტის მართვის წესი, რომელიც დამყარებულია ჩვენი თანამშრომლებისადმი და პარტნიორებისადმი ნდობაზე, ნებისმიერი წიგნის შინაარსზე უფრო მნიშვნელოვანია  - არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ, ქვეყნის აწმყოსთვის და მომავლისთვისაც.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო

ბანერები