ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება

დღეს, 1 მაისს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა" კორპუსში მოხდა კომიკური შემთხვევა: შუადღის პირველი საათისთვის პოეტი დავით მაღრაძე თავის თაყვანისმცემლებთან ერთად შეიჭრა პირველ სართულზე მდებარე 101 აუდიტორიაში, ჩაშალა ლექცია და მოაწყო საკუთარი ლექსების პრეზენტაცია.

 

პოეტმა დავით მაღრაძემ და მისმა თაყვანისმცემლებმა აუდიტორიის "შტურმი" მოაწყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მათ განკარგულებაში იყო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია, რომელიც მდებარეობს "ა" კორპუსში, 101 აუდიტორიის გვერდით და ასევე - ნებისმიერი აუდიტორია უნივერსიტეტში სალექციო საათების დამთავრების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის მაღაზიის ადმინისტრაციამ შესთავაზა ყოველგვარი ხელშეწყობა პრეზენტაციის ჩატარებაში, პოეტმა დავით მაღრაძემ და მისმა თაყვანისმცემლებმა გადაწყვიტეს (ან მანამდე ჰქონდათ გადაწყვეტილი) აუდიტორიის "შტურმით" აღება და ლექციების ჩაშლა ექციათ თვითპრეზენტაციის შემადგენელ ნაწილად.

უნივერსიტეტის აკადიუმიური მმართველობა და ადმინისტრაცია განიხილავს ამ შემთხვევას, როგორც კომედიური ჟანრის აქციას და თვითპრეზენტაციის, მართალია, კომიკურ, მაგრამ ბუნებრივია, დაშვებულ ფორმას. ჩვენ გვესმის, რომ ხელოვნების სფეროში მოღვაწე ზოგიერთი პიროვნებისათვის ძნელია რაციონალურად დაგეგმოს თავისი თვითპრეზენტაციები, მაგრამ შემდგომ შემთხვევებში, თუკი მათ კვლავ ექნებათ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე თვითპრეზენტაციის ჩატარების სურვილი, ჩვენ ვთავაზობთ მათ დახმარებას, როგორც დაგეგმვაში, ასევე ჩატარებაში, რათა ხელი არ შეეშალოს სტუდენტებს, მიიღონ მათთვის აუცილებელი აკადემიური და პროფესიული განათლება.

 

 

უნივერსიტეტის აკადემიური მმართველობა და ადმინისტრაცია

ბანერები