ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

„ევროპა და კავკასია” - საერთაშორისო კონფერენცია

განცხადებები

გრძელდება თანამშრომლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლ ვალერის უნივერსიტეტ – მონპელიე 3-ს შორის, ამჯერად, უპირატესად, სამეცნიერო-კვლევით სფეროში.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში.
კონფერენციის თემა იქნება: „ევროპა და კავკასია. რეგიონათშორისი ურთიერთობები და იდენტობის პრობლემა“.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები და ისეთი ცნობილი ევროპელი მეცნიერები, როგორებიც არიან საფრანგეთის ინსტიტუტის წევრები: ჟან-პიერ მაე, ჟან რიშარი, ბელგიური უნივერსიტეტის ლუვენ ლა ნევის პროფესორი ბერნარ კული, ვენეციის კა ფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორი ლევონ ზეკიანი, აგრეთვე ლიბანის კასლიკის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი კარამ რიზკი.

კონფერენციის მიზანია, გარკვეული წვლილი შეიტანოს ისეთი მნიშვნელოვანი, კომპლექსური ფენომენის შესწავლაში, როგორიც არის იდენტობის პრობლემა, იქნება ეს ინდივიდუალური, კოლექტიური, ენობრივი, კულტურული, რელიგიური, პოლიტიკური თუ ეროვნული იდენტობა. კონფერენციის სათაურიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმას, როგორ ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში და დღესაც ხდება ორი კავკასიელი ერის – ქართველების და სომხების – იდენტობის კონსტრუირება  ევროპასთან ინტეგრირების მუდმივი მცდელობის პარალელურად.

კონფერენციის თემატიკა ქრონოლოგიურად არ არის შეზღუდული. მისაღებია ყველა მოხსენება, რომელიც უპასუხებს სათაურს.
პრობლემატიკის კომპლექსურობიდან გამომდინარე, კონფერენცია ჩატარდება სამ ეტაპად: მიმდინარე წელს – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2012 წელს – მონპელიეში და 2013 წელს – ერევანში.

სამივე კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება როგორც ქართულ, ასევე ფრანგულ ენებზე.

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ფრანგული.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, 9 ივლისამდე გამოაგზავნონ მოხსენების სათაური და მოკლე რეზიუმე (500 სიტყვამდე) 5 საკვანძო სიტყვის მითითებით. ამასთან ერთად, სასურველია, ზუსტად მიუთითოთ თქვენი სამეცნიერო ხარისხი და წოდება. ასევე სამუშაო ადგილი – დაწესებულება და თანამდებობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
mzagho_dokhturishvili@iliauni.edu.ge  
mzarodok@yahoo.fr

ბანერები