ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ბრიფინგი რექტორთა განცხადებასთან დაკავშირებით

განცხადებები

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა დღეს ბრიფინგი გამართა და უნივერსიტეტების რექტორთა იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სამოქალაქო კოდექსში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებს შეეხებოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიგი თევზაძის ხელმოწერით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის სახელზე შემოვიდა ოფიციალური წერილი, რომელშიც ქვეყნის პირველ პირს თხოვნით მიმართავენ გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადოს აღნიშნულ ცვლილებებს.

„სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებები უნივერსიტეტებისთვის მიუღებელია იმ მოტივით, რომ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფოს მიეცემა საშუალება, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებს მოუხსნას კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და გარდაქმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. უნივერსიტეტების პოზიციით, 19 აპრილის შესწორება აჩენს უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობის დაკარგვის რეალურ საფრთხეს და სპობს იმ საფუძვლებს, რაც საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში იქმნებოდა უნივერსიტეტებთან მიმართებაში. ცნობილია, რომ სწორედ ამ პერიოდში, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უპრეცენდენტოდ გაიზარდა სწავლის, სწავლებისა და კვლევის ხარისხი და, შესაბამისად, შეინიშნებოდა უნივერსიტეტების მნიშვნელოვანი წინსვლა საერთაშორისო აკადემიურ რეიტინგებში“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, ამ კონტექსტში, იმთავითვე შემაშფოთებელი იყო საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება, რომელიც ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან და ხელოვნების აკადემიასთან მიმართებაში გამოიკვეთა. მისი თქმით, ამ ტენდენციამ უკვე სისტემური ხასიათი შეიძინა.

„საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საგანმანათლებლო საკითხებს და სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული ფონდი, რომელიც საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამებს დააფინანსებს. უმაღლესი განათლების სფეროს განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი დიდი ყურადღებით ეკიდება უნივერსიტეტების ამ ინიციატივას. პრეზიდენტი დამატებით კონსულტაციებს გაივლის აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან და მის გადაწყვეტილებას უმოკლეს ვადაში ვაცნობებთ საზოგადოებას“, - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.

ბანერები