ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

აკადემიური საბჭოს განცხადება

განცხადებები

აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა ბიზნესის სკოლის მოწვეული მასწავლებლების (გ. შეროზია, პ. შურღაია, მ. თავზარაშვილი, ხ. მურჯიკნელი, გ. კენჭუაშვილი, ი. ღვალაძე, ლ. პატარაია, ა. ნავდარაშვილი, თ. გველესიანი) განცხადების თაობაზე და დაასკვნა:

ბიზნესის სკოლის ზემოთ ჩამოთვლილ მოწვეულ მასწავლებლების ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2017 წლის 22 ივლისს. არ არსებობდა მათთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების  ვალდებულება და ადგილი არ ჰქონია მათთან ხელშეკრულების შეწყვეტას. ჩვეულებრივ, ლექტორების მოწვევა ყოველი სემესტრის დაწყების წინ ხდება ხოლმე და ასე მოხდა 2017-2018 აკადემიური წლის სასწავლო წლის დასაწყისშიც.

ბიზნესის სკოლის ადმინისტრაციამ დაგეგმა და განახორციელა რეფორმები, რომელთა მიზანიც არის  როგორც სწავლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლება განვითარების შინაგანი ლოგიკიდან გამომდინარე, ისე სკოლის შესაბამისობაში მოყვანა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის განახლებულ სტანდარტებთან. ამისათვის ბიზნესის სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, საგრძნობლად გაეზარდა აკადემიური პერსონალის რაოდენობა, რომელიც თავის თავზე აიღებდა აქამდე მოწვეული მასწავლებლების მიერ მართულ სასწავლო კურსებს. ამ მიზნით უკანასკნელ თვეებში აკადემიური საბჭოს მიერ ბიზნესის სკოლაში, ინფორმაციის საჯაროობისა და გამჭვირვალობის ყველა წესისა და პროცედურის დაცვით, გამოცხადებული იყო კონკურსი 22 აკადემიურ თანამდებობაზე, რომლებშიც მონაწილება შეეძლო  (ხოლო ზოგიერთ მათგანში დღემდე შეუძლია) ნებისმიერ მსურველს, მათ შორის - მოწვეულ მასწავლებლებს.

ამასთან, ბიზნესის სკოლამ გადასინჯა მასწავლებლების მოწვევის პოლიტიკაც და არ მოიწვია ძირითადი საგნების მასწავლებლებად ისინი, ვინც პარალელურად იკავებდა პროფესორის თანამდებობას სხვადასხვა კერძო უნივერსიტეტებში (განმცხადებელი ცხრა მასწავლებლიდან ასეთი შვიდია). აკადემიური საბჭო იზიარებს ბიზნესის სკოლის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ უნივერსიტეტში ძირითად საგნებს სხვა უნივერსიტეტების პროფესურა არ უნდა ასწავლიდეს და საჭიროა სტაბილური აკადემიური პერსონალის მოზიდვა, რაც უზრუნველყოფს სწავლებისა და კვლევის მაღალ ხარისხს და სკოლის მდგრად განვითარებას.

ასევე იყო შემთხვევები, როდესაც გარკვეული საგნების წასაკითხად მასწავლებლების მოწვევა საჭირო არ აღმოჩნდა, რაც ბუნებრივი და სასწავლო ცხრილის დაგეგმვის თანმდევი პროცესია - იშვიათია შემთხვევა, როდესაც ერთ სემესტრში მოწვეული ყველა მასწავლებელი მეორე სემესტრშიც უკლებლივ გადადიოდეს.

შესაბამისად, ბიზნესის სკოლის მიერ აკადემიურსა და მოწვეულ პერსონალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები კანონიერია, მიზანშეწონილია და ემსახურება სკოლის განვითარების ამოცანას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო რეფორმებზე ორიენტირებული ინსტიტუცია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2017-2018 აკადემიურ წელს უნივერსიტეტი ორჯერ გაივლის ავტორიზაციას: ჯერ საპილოტე, ხოლო შემდეგ - რეალურ რეჟიმში. როგორც რეფორმების, ისე სასწავლო-კვლევითი პროცესისადმი წაყენებული ახალი მოთხოვნების შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თითოეულმა ერთეულმა უნდა აწარმოოს ინტენსიური შიდა და გარე კომუნიკაცია, რასაც ზედამხედველობას გაუწევენ უნივერსიტეტის კოლეგიალური ორგანოები.

 

ბანერები