ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სოციოლოგთა მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია „ტრანსფორმაციების მიღმა: კომპლექსური მემკვიდრეობა და თანამედროვეობის გამომწვევები“

ღონისძიებები

27 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სოციოლოგთა რიგით მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ტრანსფორმაციების მიღმა: კომპლექსური მემკვიდრეობა და თანამედროვეობის გამომწვევები."

საზოგადოებაში გლობალური მასშტაბის მკვეთრი ტრანსფორმაციების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი, როგორ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს მემკვიდრეობით მიღებული სოციოკულტურული ნორმატიული სისტემები. ცვლილებებისა და პერმანენტული კრიზისების მთელი სერიის ფონზე, რომლითაც ბოლო ათწლეულები ხასიათდებოდა, მზარდია ტენდენციები იდეოლოგიური ფუნდამენტალიზმის, ჰომოფობიის, ნაციონალიზმისა და ავტორიტარიზმის მიმართულებით. ეს განვითარება სოციოლოგებს განსაკუთრებულ გამოწვევებს სთავაზობს.

ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საზოგადოების წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევებით, საშუალება ეძლევათ, საკუთარი კვლევები წარმოადგინონ და ერთმანეთს იდეები გაუზიარონ.

კონფერენციის თემატური ფოკუსი:

სოციოკულტურული ტრანსფორმაციები ისტორიული სოციოლოგიის ჭრილში, კულტურა, რელიგია, საზოგადოების ნორმატიული სისტემები, კოლექტიური მეხსიერება, სოციალური იდენტობები, გენდერი, მიგრაცია, გარემო, ურბანული განვითარება.

კონფერენციის მიზანი:

სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ, შესაძლებლობა მისცენ, ერთმანეთს შეხვდნენ, თავიანთი აკადემიური ქსელი გააფართოონ,  საკუთარ ნაშრომებზე იმსჯელონ და ერთმანეთს იდეები გაუზიარონ;

განიხილონ თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები და წინააღმდეგობები, რომლებიც განსაკუთრებული იმპულსი ხდება სოციოლოგიური წარმოსახვისათვის.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა სოციოლოგებს, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე სხვა საგანმანანათლებლო დაწესებულებებიდან.

საუკეთესო სტატიები დაიბეჭდება კონფერენციისადმი მიძღვნილ კრებულში. კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან.

საბუთების მიღება:

ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა 2018 წლის 5 მაისამდე უნდა გამოაგზავნოს 1-გვერდიანი ავტობიოგრაფია (CV), კონფერენციაზე წარსადგენი კვლევითი ნაშრომის აბსტრაქტი (არაუმეტეს 300 სიტყვისა) და სამეცნიერო თემის ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია ერთიანი pdf დოკუმენტის სახით მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sociologicalconference@iliauni.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვწეროთ ზემოთ მითითებული ელექტრონულ მისამართზე.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები