ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სოციალური მუშაობის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (IASSW) მხარდაჭერის წერილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის განათლების დასაცავად

განცხადებები

სოციალური მუშაობის სკოლების საერთაშორისო ასოციაცია (IASSW) წარმოადგენს უნივერსიტეტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გლობალურ ქსელს, რომლის მისიაა სოციალური მუშაობის განათლების ხარისხისა და აკადემიური სრულყოფის ხელშეწყობა უფრო სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების განვითარებისთვის.

IASSW-ის სახელით პატივისცემით მივმართავთ საქართველოს მთავრობას, რათა კიდევ ერთხელ განიხილოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესაძლო შეწყვეტის საკითხი, რაც, შესაძლოა, ბოლო ეროვნული საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში იქნეს სანქცირებული.

გვესმის, რომ მიზეზთა გამო აუცილებელია უმაღლესი განათლების სისტემის რესტრუქტურიზაციისკენ მიმართული რეფორმები, თუმცა, ამავე დროს ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამის, როგორიცაა სოციალური მუშაობა, შეკვეცას შეიძლება გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს სოციალური მომსახურების სფეროს ადამიანური რესურსის განვითარებაზე, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში ეფექტიანი სოციალური მომსახურების უზრუნველყოფისთვის, სოციალური დაცვის სისტემის გასაძლიერებლად და ინდივიდების, ოჯახებისა და თემების კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.

კარგად დაგეგმილი, მომზადებული და მხარდაჭერილი სოციალური მომსახურების სფეროს პროფესიონალები, განსაკუთრებით სოციალური მუშაკები, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენენ სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის და ისეთი რთული პრობლემების გადასაჭრელად, როგორებიცაა: სიღარიბე, უთანასწორობა, ბავშვის დაცვა, ოჯახების მოწყვლადობა, ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება და ფსიქიკური ჯანმრთელობა. თუ ეს პრობლემები  სათანადოდ არ იქნება გადაწყვეტილი, მნიშვნელოვნად შეფერხდება მოქალაქეთა შესაძლებლობას სრულფასოვნად ჩაერთონ ქვეყნის განვითარებაში და შეინარჩუნონ კეთილდღეობა.

ასევე გამოვთქვამთ შეშფოთებას, რომ სოციალური მუშაობის პროგრამებისთვის ახლახან განსაზღვრული კვოტები – მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღების შეზღუდვა 50 საბაკალავრო და 10 სამაგისტრო ადგილზე, რაც შრომის ბაზრის კვლევას ეფუძნება – კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან შეუსაბამოა ქვეყნის რეალურ საჭიროებებთან სოციალური მუშაკების კადრების მხრივ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობით სოციალური მომსახურების სფეროში ბევრად უფრო ფართო პროფესიული რესურსია საჭირო და პარალელური სერტიფიცირების მექანიზმიც სამართლებრივად კვლავ დასაშვებია, აღნიშნული შეზღუდვები საკმარისად დასაბუთებული არ ჩანს.

სოლიდარობას ვუცხადებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ჩვენი პატივსაცემი საერთაშორისო ქსელის ხანგრძლივ წევრს. მისი პროგრამები დაფუძნებულია მთელ მსოფლიოში აღიარებულ სოციალური მუშაობის განათლებისა და ტრენინგის გლობალურ სტანდარტებზე. ეს სტანდარტები ხაზს უსვამს ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის სოციალური მუშაობის განათლების მნიშვნელობას უნივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც ინარჩუნებენ აკადემიურ ავტონომიას, ხელს უწყობენ კვლევას და პასუხობენ საზოგადოების სოციალურ რეალობას.

სოციალური მუშაობის სამაგისტრო (MSW) და სადოქტორო პროგრამები ქვეყანაში არსებულ ძალიან მცირე პროგრამებს შორისაა. მათი გაგრძელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აკადემიური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, არამედ იმ ადამიანური რესურსის გასაძლიერებლადაც, რომელიც აუცილებელია სოციალური კეთილდღეობის სისტემებისა და თემების კეთილდღეობის მხარდასაჭერად.

ამ გლობალური სტანდარტების შესაბამისად, IASSW საქართველოს მთავრობას პატივისცემით მოუწოდებს, აკადემიური და პროფესიული საზოგადოება ჩართოს არსებით კონსულტაციებში და განიხილოს გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სოციალური მუშაობის საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაგრძელებასა და სტუდენტთა მიღების შესაძლებლობას.

IASSW ჩვენი წევრი ინსტიტუციის მხარდამხარ მზად არის კონსტრუქციულად ითანამშრომლოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და აკადემიურ პარტნიორებთან საქართველოში, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში მაღალი ხარისხის სოციალური მუშაობის განათლების განვითარებას.

პატივისცემით,

პროფ. ანტუანეტ ლომბარდი,

ასოციაციის პრეზიდენტი

სოციალური მუშაობის სკოლების საერთაშორისო ასოციაცია (IASSW)

2026 წლის 13 მარტი

ბანერები