ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სოციალური მუშაობის სკოლების ევროპული ასოციაციის (EASSW) მხარდაჭერის წერილი

განცხადებები

9 მარტი, 2026

გივი მიქანაძეს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს,

გვსურს, სოციალური მუშაობის სკოლების ევროპული ასოციაციის (EASSW) სახელით, რომელიც წარმოადგენს სოციალური მუშაობის სკოლებსა და აკადემიურ დაწესებულებებს ევროპის მასშტაბით, გამოვხატოთ  პატივისცემა საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მიმართ ეროვნული უმაღლესი განათლების სისტემის მოდერნიზებისა და გაძლიერებისთვის.

სოციალური მუშაობის სკოლების ევროპული ასოციაცია (EASSW) აერთიანებს სოციალური მუშაობის განათლების ინსტიტუციებს, განათლების მხარდამჭერ ორგანიზაციებსა და პედაგოგებს. მისი მისიაა სოციალური განვითარების ხელშეწყობა და მაღალი ხარისხის განათლების, პრაქტიკული ცოდნის განვითარება სოციალური მუშაობისთვის, სოციალური სერვისებისა და სოციალური კეთილდღეობისთვის ევროპაში. კონსულტაციას ვუწევთ სკოლებსა და საგანმანათლებლო საბჭოებს სოციალური მუშაობის წარმომადგენელთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და პრაქტიკის საკითხებში.

ვაღიარებთ უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში ასახულ მიზნებს, მათ შორისაა: განათლების ხარისხის გაუმჯობესება, საჯარო რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება, სწავლებისა და კვლევის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია და უმაღლესი განათლების შრომის ბაზრის საჭიროებებთან შესაბამისობა. ეს მიზნები სრულად შეესაბამება ევროპული უმაღლესი განათლების სფეროს (EHEA) განვითარებას და ასახავს ბოლონიის პროცესის პრინციპებს განსაკუთრებით ხარისხის უზრუნველყოფის, ინსტიტუციური პასუხისმგებლობისა და სოციალურად პასუხისმგებელი უმაღლესი განათლების მმართველობის მიმართულებით.

სწორედ ამ კონსტრუქციული სულისკვეთებით გვსურს, გამოვხატოთ შეშფოთება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შეწყვეტის და შედეგად სოციალური მუშაობის განათლების ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთ ინსტიტუციაში კონცენტრაციის გამო.

მაღალი ხარისხის სოციალური მუშაობის განათლება აუცილებელია  კომპეტენტური პროფესიონალების მოსამზადებლად, რომლებიც შეძლებენ რთულ სოციალურ პრობლემებზე რეაგირებას და ეფექტიანი სოციალური კეთილდღეობის სისტემების განვითარებაში წვლილის შეტანას. ძლიერი აკადემიური პროგრამები უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების მომზადებას მკაცრად განსაზღვრული სასწავლო გეგმების, კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისა და პრაქტიკულ დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

EASSW განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს აკადემიურ პლურალიზმს სოციალური მუშაობის განათლებაში. ბევრი პროგრამისა და ინსტიტუციის არსებობა ხელს უწყობს ხარისხს, ინოვაციასა და პროფესიის უწყვეტ განვითარებას. განათლების კონცენტრაციამ ერთ ინსტიტუციაში, ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შეიძლება შეზღუდოს საგანმანათლებლო შესაძლებლობები და შეამციროს სხვადასხვა აკადემიური მიდგომის გამოყენების საშუალება. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანია სფეროს გაძლიერებისთვის.

ევროპის მასშტაბით სოციალური მუშაობა აღიარებულია როგორც სტრატეგიული საჯარო პროფესია, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ბავშვთა დაცვის სისტემებთან, ძალადობის პრევენციასთან, შშმ პირთა მონაწილეობასთან, თემის მდგრადობასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკის განხორციელებასთან. თანამედროვე ევროპული მმართველობის ჩარჩოები სულ უფრო მეტად უსვამს ხაზს, რომ უმაღლესი განათლების სისტემები ხელს უწყობს არა მხოლოდ ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას, არამედ სოციალურ სტაბილურობას, დემოკრატიულ მდგრადობასა და ინკლუზიურ საჯარო მომსახურებას. შესაბამისად, სოციალური მუშაობის განათლებას გამორჩეული  ადგილი უკავია უმაღლესი განათლების პოლიტიკის, სოციალური პოლიტიკის განხორციელებისა და საჯარო სექტორის შესაძლებლობების განვითარებაში.

ამ კონტექსტში და ხელმისაწვდომი ეროვნული მონაცემების გათვალისწინებით გვსურს, მივუთითოთ შრომის ბაზრის საჭიროებებსა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს შორის სტრუქტურულ შეუსაბამობაზე:

  • საჯაროდ განხილული შრომის ბაზრის მონაცემები მიუთითებს, რომ სოციალური მუშაობა საქართველოში დეფიციტური პროფესიაა –  წლიური მოთხოვნით დაახლოებით 192 სოციალური მუშაკია საჭირო, როცა კურსდამთავრებულთა საშუალო წლიური რაოდენობა დაახლოებით 35-44-ია;
  • მიმდინარე რეფორმით სოციალური მუშაობის განათლების პროგრამები თავმოყრილია ერთ უნივერსიტეტში, რომელშიც წლიურად გამოცხადებულია  50 ადგილი საბაკალავრო საფეხურზე და 10 – სამაგისტრო საფეხურზე;
  • მთავრობის სამუშაო ძალის დაგეგმვის დოკუმენტები მიუთითებს დაახლოებით 350-400 დამატებითი სოციალური მუშაკის საჭიროებაზე სოციალური დაცვის, მართლმსაჯულების, განათლებისა და დაზარალებულთა მხარდაჭერის სექტორებში;
  • არსებული მონაცემები აჩვენებს სისტემურ ზეწოლას: ერთ სოციალურ მუშაკზე საშუალოდ დაახლოებით 120 საქმე მოდის, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ადმინისტრაციულ სტანდარტს (დაახლოებით 1:50) და მიუთითებს კადრების დეფიციტსა და მომსახურების ხარისხის რისკებზე.

ევროპული უმაღლესი განათლების რეფორმის პრაქტიკით შრომის ბაზართან შესაბამისობა ნიშნავს არა მხოლოდ რესურსების ოპტიმიზაციას, არამედ საზოგადოებრივი კეთილდღეობის სისტემებისთვის აუცილებელი პროფესიების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფას. როდესაც დადასტურებულია კადრების დეფიციტი, პოლიტიკა, როგორც წესი, ორიენტირებულია საგანმანათლებლო შესაძლებლობათა გაფართოებაზე, რეგიონული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და აკადემიურ შეთავაზებათა დივერსიფიკაციაზე.

ევროპული გამოცდილება მუდმივად აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობის სფეროსთან დაკავშირებულ პროფესიულ მიმართულებებს სჭირდება უწყვეტობა ყველა აკადემიურ ციკლში. საბაკალავრო პროგრამები უზრუნველყოფს პროფესიის დაუფლებას; სამაგისტრო პროგრამები ავითარებს მოწინავე კომპეტენციებს, სპეციალიზაციასა და ლიდერობის უნარებს; სადოქტორო პროგრამები კი უზრუნველყოფს კვლევით ეკოსისტემებს, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინოვაციებსა და პოლიტიკის შეფასების შესაძლებლობებს. შესაბამისად, ერთი ინსტიტუციური საყრდენის გაუქმება გავლენას ახდენს მთელი პროფესიული ეკოსისტემის მთლიანობაზე, არა მხოლოდ ერთ აკადემიურ პროგრამაზე.

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ რესურსების ოპტიმიზაციის პრინციპს. ამასთან, თანამედროვე ევროპული უმაღლესი განათლების მართვა სულ უფრო მეტად იყენებს დიფერენცირებულ მიდგომებს და აღიარებს, რომ გარკვეული პროფესიები – განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის, ბავშვთა კეთილდღეობისა და თემის მომსახურებების სფეროსი – ეროვნული სოციალური ინფრასტრუქტურის ნაწილია. ასეთ შემთხვევებში ბევრი აკადემიური ცენტრის შენარჩუნება  აუმჯობესებს ხარისხს აკადემიური დიალოგის, პროფესიული განვითარებისა და ინსტიტუციური მდგრადობის გზით.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სოციალური მუშაობის განათლება საქართველოში ჩამოყალიბდა როგორც აღიარებული აკადემიური და სამეცნიერო დისციპლინა, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო თანამშრომლობა, კვლევითი ინფრასტრუქტურა და სადოქტორო განათლება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულმა პროგრამებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროფესიის პროფესიონალიზაციაში, კვლევის განვითარებასა და საქართველოს ინტეგრაციაში ევროპულ სოციალურ სამუშაოს აკადემიურ სივრცეში.

პატივისცემით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სოციალური მუშაობის განათლების პლურალისტური შესაძლებლობების შენარჩუნება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეზე გააძლიერებს, და არ შეეწინააღმდეგება, ეროვნული რეფორმის სტრატეგიულ მიზნებს, რადგან უზრუნველყოფს თანხვედრას უმაღლესი განათლების მოდერნიზაციას, შრომის ბაზრის რეალობასა და საჯარო სოციალური სისტემების გაძლიერებას შორის.

ამიტომ EASSW მოუწოდებს პოლიტიკის შემმუშავებლებს  უნივერსიტეტებსა და პროფესიულ საზოგადოებას შორის დიალოგის გაგრძელებისკენ, რათა საქართველოში სოციალური მუშაობის განათლება დარჩეს მაღალი ხარისხის, მდგრადი და პლურალისტური და შეძლოს საზოგადოებისა და სოციალურ მომსახურებათა სფეროს მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილება.

ჩვენი მიზანი არ არის რეფორმისათვის წინააღმდეგობის გაწევა, არამედ საქართველოსთვის, როგორც თანამედროვე ევროპული უმაღლესი განათლების პარტნიორისთვის, რომელიც ერთდროულად ერთგულია აკადემიური განვითარების, სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი საჯარო მმართველობისა, საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების გაზიარება შემდგომი განვითარების მხარდასაჭერად. ამიტომ მოხარული ვიქნებით, სამინისტროს წარმომადგენლებთან ოფიციალური დიალოგის გზით გაგიზიაროთ ევროპული გამოცდილება პროფესიული განათლების სისტემების მართვის საკითხებში.

პროფესორი ქრისტოს პანაგიოტოპულოსი,

სოციალური მუშაობის სკოლების ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი

2026

ბანერები