ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსში CARYS გამარჯვებული უნივერსიტეტის პროექტები

ახალი ამბები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსზე CARYS წარდგენილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი პროექტიდან ყველა დაფინანსდა.

  1. ერეკლე მაღრაძე – „თანამედროვე ქართულ ენაზე შესრულებული ტექსტის დამუშავების სერვისი“ 

პოპულარულ სასაუბრო ენებზე შექმნილი ციფრული კონტენტის მოცულობა ყოველწუთიერად იზრდება, რაც განაპირობებს ამ ენათა ავტომატური დამუშავების, კორექტირებისა და ამ ენებზე შექმნილი დოკუმენტების ანალიზის ავტომატიზებული მეთოდებისა და სერვისების განვითარებას. მეტიც, ხდება ისტორიული ტექსტებისა და დოკუმენტების გაციფრება და მათი დამუშავება, რაც მკვლევრებსა და მეცნიერებს საშუალებას აძლევს დააკვირდნენ კონკრეტული ენის განვითარების ეტაპებსა და ნაბიჯებს. სამწუხაროდ, ქართული ენის შემთხვევაში არ არსებობს სრულფასოვანი გაციფრების პლატფორმა, რომელიც ტექსტიდან ამოიკითხავს არა მარტო ასოებს, არამედ შეძლებს ამოკითხული სიტყვებისა და წინადადებების კორექტირებასა და ანალიზს. 

აღნიშნული გამოყენებითი გრანტის ფარგლებში იგეგმება სწორედ ასეთი პლატფორმის შექმნა, კერძოდ, შეიქმნება ქართულ ენაზე შექმნილ დოკუმენტთა დამუშავების სერვისი, რომელიც API-ს სახით მიეწოდება მომხმარებლებს. API გამოიყენებს ბუნებრივი ენის დამუშავების ტექნოლოგიებს, რომლებიც დაფუძნებულია მანქანური სწავლების ალგორითმებზე. ასევე აქტიურად დაიხვეწება და განახლდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ქართული ენის ლემატიზატორის ფუნქციონალი, რომლის ბაზასაც წარმოადგენს ილიაუნის ქართული ენის კორპუსი.

  1. ავთანდილ თავხელიძე – „სხვადასხვა კონფიგურაციის ნანომესრული ნახევარგამტარული გადასასვლელების დემონსტრაცია“

ილიაუნის ტექნოლოგიურ სკოლაში მიმდინარეობს კვლევები ახალი ტიპის ნახევარგამტარული მოწყობილობების შესაქმნელად. სიახლეს წარმოადგენს გეომეტრიული დოპირება (G-doping), რომელიც დაფუძნებულია ელექტრონის ტალღური თვისებების გამოყენებაზე. შედეგად ვიღებთ მოდიფიცერულ p-n გადასასვლელებს და შემდგომ მათ ბაზაზე ვამზადებთ მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტის მქონე მზის ელემენტებს და სხვა ნახევარგამტარულ მოწყობილობებს. კვლევებში ჩართულია ოთხი ახალგაზრდა მეცნიერი, რომელთაგან ერთი დუბლინის ქალაქის უნივერსიტეტის თანამშრომელია. 

  1. ნელი დათუკიშვილი – „ალერგენების ანალიზი გენეტიკურად მოდიფიცირებულ მცენარეებში პჯრ-თან ბმული დნმ-ჩიპით“

პროექტის მიზანია ახალი დნმ-დიაგნოსტიკური ტექნოლოგიის შემუშავება და ვალიდაცია გენეტიკურად მოდიფიცირებული (გმ) მცენარეების ალერგენების დეტექციისთვის. იდენტიფიცირდება ახალი დნმ-მარკერები გენმოდიფიცირებული სოიისა და სიმინდის სახეობის სპეციფიკური და გმო-სპეციფიკური ალერგენებისათვის. შემუშავდება მულტიპლექსური რეალური დროის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციები (პჯრ) და დნმ-მიკროარეები გმ სოიისა და გმ სიმინდის ალერგენების ერთდროული დეტექციისათვის. შეიქმნება პჯრ-თან ბმული დნმ-ჩიპის ტექნოლოგია ალერგენების ზუსტი, სწრაფი და იაფი ანალიზისათვის.

გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის (GENIE – Georgia National Innovation Ecosystem) ნაწილს, რომელსაც ახორციელებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული 2016 წლის 28 მარტის სასესხო ხელშეკრულების თანახმად. GENIE პროექტის ბიუჯეტიდან (23 მლნ დოლარი) გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამა ფინანსდება 3 მლნ აშშ დოლარით და მას ღია საჯარო კონკურსის წესით ადმინისტრირებას უწევს რუსთაველის ფონდი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სააგენტოსთან ერთად.

https://bit.ly/337P7EC

ბანერები