ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სემიოტიკის მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ახალი ამბები

2017 წლის 26-29 ოქტომბერს ქალაქ ბაქოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიოტიკის კვლევითი ცენტრი და ბაქოს ხაზარის უნივერსიტეტი გიწვევთ სემიოტიკის მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

კონფერენციის თემაა: მედიუმი და სამყარო

კონფერენციის მიზანია ინფორმაციის მოზღვავების ეპოქაში ინფორმაციის (აზრის) გადამტანი საშუალებების კვლევა და მათი გავლენა ინფორმაციასა და ცხოვრებაზე. კონფერენციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას: როგორ იცვლება სამყაროს სურათი ახალი „მედიუმების“ (ციფრული მედია, ახალი ტექნოლოგიები...) გავლენის შედეგად და სამყაროს აღწერის ამ ახალ პარადიგმაში როგორია ადამიანის როლი.

თემის აღწერა

მედიუმი განიხილება, როგორც სემიოტიკური სისტემა, რომელიც აღწერს სამყაროს. სამყარო აღიწერება მულტიმედიური საშუალებებითაც, რაც უფრო სრულყოფილს ხდის აღქმა-შემეცნების პროცესს.

თანამედროვე სამყარო სულ უფრო მდიდრდება ინფორმაციის გადაცემის საშუალებებით: ერთი მხრივ, აზრი, ინფორმაცია და, მეორე მხრივ, „მედიუმები“ (მედია, სოც.მედია, მულტიმედია, ციფრული მედია, ახალი ტექნოლოგიები..., ყველა საშუალება, რომელსაც ინფორმაცია გადააქვს;  მათ შორის, ადამიანი, რომელიც ატარებს და გადასცემს ინფორმაციას, კულტურის ფაქტები – ლიტერატურა, ხელოვნება, აუდიო და ვიზუალური ხელოვნება და სხვ.), რომლებიც გვაწვდიან განსხვავებული სახის ინფორმაციას.

მეცნიერებსა და მკვლევრებს მოუწევთ პასუხი გასცენ ისეთ აქტუალურ კითხვებს, როგორებიცაა:

  • ცვლის თუ არა ინფორმაციას ინფორმაციის მატარებელი?
  • რა შემთხვევაში იცვლება ინფორმაცია?
  • რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ტრადიციული და თანამედროვე ინფორმაციის გადაცემის საშუალებები?
  • საინტერესო იქნება კულტურის ფაქტის (ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა, მოდა, ვიზუალური ხელოვნება...), როგორც განსაკუთრებული მედიუმის, ანალიზი;

მოხსენებები მიიღება აგრეთვე შემდეგი მიმართულებებით:

ენისა და ლიტერატურის სემიოტიკა, კულტურის სემიოტიკა, სემიოტიკის ისტორია და თეორია.

მონაწილეობის პირობები
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია და  რეზიუმესთან ერთად  (რეზიუმე – არაუმეტეს ერთი გვერდისა, A4  ფორმატი, შრიფტი – Sylfaen; ზომა – 11) გამოგზავნონ  შემდეგ მისამართზე: semiotics@iliauni.edu.ge

განაცხადის ბოლო ვადაა: 2017 წლის 1-ელი სექტემბერი

შერჩეული მოხსენებების შესახებ ავტორებს ეცნობებათ რეზიუმეს გამოგზავნიდან 10 დღის ვადაში;

კონფერენციის შემდეგ შერჩეული მოხსენებები დაიბეჭდება სამეცნიერო ჟურნალ „სემიოტიკის“  მე-17 ნომერში.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, აზერბაიჯანული, რუსული და ინგლისური.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მისამართზე: semiotics@iliauni.edu.ge  ან მოგვწეროთ ფეისბუკის სემიოტიკის კვლევითი ცენტრის გვერდზე.

ბანერები