ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სასერტიფიკატო კურსი: კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება

ახალი ამბები

ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებენ მსურველების მიღებას მოკლე სასერტიფიკატო კურსზე კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება.

კურსის ფარგლებში მონაწილეები ვრცლად გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

  • რა იწვევს გლობალურ დათბობას და კლიმატის ცვლილებას? რა ფაქტობრივი მაჩვენებლებით და ისტორიული მონაცემებით დასტურდება კლიმატის ცვლილება?
  •  როგორ ვლინდება კლიმატის ცვლილება საქართველოში და რა ძირითად საფრთხეებს უქმნის ბუნებას, მოსახლეობას და ეკონომიკას?
  • რა ღონისძიებებით შეიძლება კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილება?
  •  როგორია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ მათში მონაწილეობით?
  • როგორ უნდა მოხდეს კლიმატის ცვლილებასთან შეგუება, რომ ზიანი მინიმალური იყოს?
  • როგორია საქართველოს კლიმატური პოლიტიკა და რა როლი შეიძლება შეასრულონ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებმა კლიმატის ცვლილებასთან შეგუების და შერბილების პროცესებში?

ლექციებს წაიკითხავენ  ამ დარგის წამყვანი ქართველი სპეციალისტები.

კურსი, რომელიც მოიცავს 8 ლექცია/სემინარს, დაიწყება ოქტომბრის ბოლოს და ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს, 17:00-19:00 საათზე.

კურსდამთავრებულები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატთან ერთად მიიღებენ სამ აკადემიურ კრედიტს.

კურსის ძირითადი ნაწილი ფინანსდება „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ მიერ. მონაწილეებისთვის კურსის ღირებულებაა 50 ლარი.

ვისთვის არის განკუთვნილი?

კურსი განკუთვნილია  კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საჯარო მოხელეებისთვის, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისათვის (მაგისტრანტები და დოქტორანტები) და ჟურნალისტებისთვის, რომელთაც კლიმატთან დაკავშირებული საკითხების კვალიფიციური გაშუქებით შეეძლებათ, ხელი შეუწყონ საზოგადოების ინფორმირებას და მობილიზებას კლიმატურ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

შერჩევა

პროგრამაში ჩართვის მსურველი უნდა იყოს პროგრამით განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენელი. მსმენელები შეირჩევიან მაქსიმალური კვოტის (20 მსმენელი) შევსებამდე.

კურსზე რეგისტრაციისთვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა (http://bit.ly/2dh0kbo) ან გამოგვიგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: weg@weg.ge.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 24 ოქტომბერი

კურსის შესახებ

კურსი 2016 წლის თებერვალ-აგვისტოში შემუშავდა „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“  ფინანსური მხარდაჭერით. სასწავლო გეგმა შეიქმნა კლიმატის ცვლილების წამყვანი გერმანელი ექსპერტის მონაწილეობით და მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 აკადემიური კრედიტი.

პირველ ნაკადში, კონკურსის საფუძველზე, შეირჩენენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს, ენეგრეტიკისა და წლამომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სტუდენტები.

კურსი წარმატებით დაასრულა 19-მა მონაწილემ, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები და სახელმძღვანელო.

WEGის შესახებ

„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრია, რომელიც  2006 წელს დაარსდა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხებისა და მდგრადი განვთარების საკითხების ადვოკატირების მიზნით. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი ფორმაა პრაქტიკული და კონცეპტუალური ცოდნის გავრცელება ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კუთხით.

 

 

ბანერები