ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივარი

ახალი ამბები

2026 წლის 6 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგინა ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკის მიერ მომზადებული საჩივარი, რომელიც ეხებოდა 2026 წლის 16 თებერვალს ტელემაუწყებელ შპს „მედიაჰოლდინგ ჯორჯიან თაიმზისა“ და რადიომაუწყებელ შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ საავტორო გადაცემაში („დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად“) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ გამოთქმულ ბრალდებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევას.

კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ საავტორო გადაცემაში რესპონდენტ ე.გ-ის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ წამოყენებულ ბრალდებაზე („ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და ილიას, „ილიაუნის“ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას…“) ჟურნალისტმა და მაუწყებლებმა არ მიიღეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა ბრალდების ადრესატი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაცული ყოფილიყო უსამართლო მოპყრობისგან, ხოლო აუდიტორია – დეზინფორმაციისგან. კომისიის დასკვნით, გადაცემის წამყვანს სტუმრისთვის არ დაუსვამს დამაზუსტებელი და კრიტიკული შეკითხვები, არ წარმოუდგენია ბრალდების საწინააღმდეგო არგუმენტები და არ მოუთხოვია ბრალდების დასაბუთება ან/და ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოთქმული ბრალდების გამოსაკვლევად. გადაცემის წამყვანი რესპონდენტ ე.გ-ის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ან დუმილით პასუხობდა ან ცალკეულ შემთხვევებში თავად სვამდა მაპროვოცირებელ შეკითხვებს.

კომისიის შეფასებით, ჟურნალისტის მიერ საკუთარი პოზიციის გავრცელებამ, რომელსაც ემთხვეოდა გადაცემის სტუმრის პოზიცია, ეჭვქვეშ დააყენა პროგრამის მიუკერძოებლობა. გარდა ამისა, გადაცემის წამყვანს სადავო მონაკვეთებში არ გამოუთქვამს ალტერნატიული შეხედულებები, მოსაზრებათა ფართო სპექტრი, რომელთა მიწოდების  ვალდებულება საავტორო პროგრამაზეც ვრცელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია გადაცემაში არ იყო წარმოდგენილი, მაუწყებლებმა უნივერსიტეტს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის შესაძლებლობა არც გადაცემის მსვლელობისას მისცეს და არც მისი დასრულების შემდეგ.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ ტელემაუწყებელმა (შპს „მედიაჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“) და რადიომაუწყებელმა (შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსი“) დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ამიტომ დარღვევების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით მათ წერილობითი გაფრთხილება მიეცათ. მაუწყებლებმა დაარღვიეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები, რომლებიც პროგრამაში ჯეროვანი სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, მოსაზრებათა ფართო სპექტრის წარმოდგენის პრინციპების დაცვას, ბრალდების გამოთქმის შემთხვევაში ბრალდების ადრესატისთვის დროული და სათანადო პასუხის გაცემის შესაძლებლობასა და დაინტერესებული მხარის თავდასხმის ობიექტად ქცევის აკრძალვას განსაზღვრავს. კომუნიკაციების კომისიამ ასევე დაადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა, ვინაიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ სადავოდ გამხდარი ინფორმაცია მაუწყებლებმა სოციალურ ქსელში (Facebook), ვებგვერდსა და ვიდეოგაზიარების პლატფორმაზეც (Youtube) განათავსეს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის წარდგენილი საჩივარი მოამზადეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკის წარმომადგენლებმა და საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2026--26-18-349.page

2026

ბანერები