ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საკვირაო სკოლა მოსწავლეებისთვის: შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (პროექტი SPG22-444) ნოემბერ-თებერვალში მოსწავლეებისთვის საკვირაო სკოლის ფორმატში განახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს „შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო“.

IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი კურსი, რომელიც 15 სალექციო შეხვედრას მოიცავს, დაიწყება ნოემბერში და გაგრძელდება თებერვლის ჩათვლით. კურსის სალექციო შეხვედრები გაიმართება შაბათობით, 16:00-18:00 საათზე.

კურსი წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში და მონაწილეებს მასზე დასწრება შეეძლებათ როგორც დისტანციურად (პლატფორმა ზუმის საშუალებით), ისე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თემატიკა

  • ლექცია 1: სამყარო მიკროსკოპში: ბუნების ძალები და მატერიის შემადგენელი აგურები;
  • ლექცია 2: ელექტრომაგნიტური გამოსხივება და მისი ურთიერთქმედება მატერიასთან;
  • ლექცია 3: ხილული და უხილავი სამყარო;
  • ლექცია 4: ბირთვული რეაქტორები ცაში: ვარსკვლავები;
  • ლექცია 5: ვარსკვლავთა ისტორია;
  • ლექცია 6: ნეიტრონული ვარსკვლავები და პულსარები;
  • ლექცია 7: შავი ხვრელები არ აღმოჩნდა მთლად შავი;
  • ლექცია 8: გალაქტიკები და ჩვენი დიდი სახლი – ირმის ნახტომი;
  • ლექცია 9: სამყარო ფართოვდება;
  • ლექცია 10: რას გვამცნობს სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა?
  • ლექცია 11: სამყაროს აქვს დასაწყისი – კოსმოლოგიური სინგულარობა;
  • ლექცია 12: რა ვიცით სამყაროს პირველი წუთების შესახებ?
  • ლექცია 13: გრავიტაცია გვაძლევს საშუალებას, ავწონოთ სამყარო;
  • ლექცია 14: გრავიტაციული ტალღებით აღქმული სამყარო;
  • ლექცია 15: როგორ ვიწინასწარმეტყველოთ სამყაროს მომავალი?

ვინ მასწავლის?

სალექციო შეხვედრებს გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოლოგიის ჯგუფის პროფესორები და მკვლევრები:

პროფესორი თინათინ კახნიაშვილი
თინათინ კახნიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია ასტროფიზიკის მიმართულებით. მონაწილეობს სამეცნიერო პროექტებში, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებში (McWilliams Center for Cosmology, აშშ; NORDITA, შვედეთი; Pitt-PACC აშშ). ასევე კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) ასოცირებული მკვლევარი პროფესორია.
ვრცლად:https://faculty.iliauni.edu.ge/engi/thinathin-kakhniashvili/

პროფესორი მიხეილ მაზიაშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ელემენტარული ნაწილაკების და კოსმოლოგიის მიმართულებით
ვრცლად: https://faculty.iliauni.edu.ge/engi/mikheil-maziashvili/

პროფესორი ლადო სამუშია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, კანზასის (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ვრცლად: https://www.phys.ksu.edu/people/tt-faculty/samushia.html

პროფესორი ბარათ რატრა
კანზასის (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი კოსმოლოგიისა და ასტრონაწილაკების ფიზიკის მიმართულებით
ვრცლად: https://www.phys.ksu.edu/people/tt-faculty/ratra.html

პროექტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სკოლის პედაგოგები: ოთარ ღონღაძე, მაია ლევიძე, გოჩა კუბლაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები – სალომე მჭედლიძე, ვატო ცინცაბაძე


ვისთვის არის პროექტი განკუთვნილი?

პროექტი განკუთვნილია სკოლის თემატიკითა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული IX-XII კლასელებისთვის, რომლებიც გაივლიან პროექტში მონაწილეობის შესარჩევ ეტაპს – ელექტრონულ აპლიკაციაში დაგვიდასტურებენ მონაწილეობის მოტივაციას.

პროექტი განხორციელდება სრულად ჰიბრიდულ ფორმატში, შესაბამისად, მასში მონაწილეობას შეძლებს ნებისმიერი დაინტერესებული მოსწავლე, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა.


რას ვისწავლი?

კოსმოლოგია, მეცნიერება სამყაროს შესახებ, მნიშვნელოვანი განვითარების ეტაპზეა, რათა, ერთი მხრივ, გვქონდეს მწყობრი თეორია სამყაროს სტრუქტურის და მასში მიმდინარე ფიზიკური პროცესების აღსაწერად, ხოლო, მეორე მხრივ, თანამიმდევრულად გავიაზროთ როგორც სამყაროს დაბადება და ევოლუციის ადრეული ეტაპები, ასევე განვჭვრიტოთ მომავალი.

დაკვირვებათა შედეგად ცნობილია, რომ „ხილული” მატერია წარმოადგენს სამყაროს ენერგეტიკული ბიუჯეტის არა უმეტეს 5%-ს. ამასთან გალაქტიკების დაკვირვებები ცხადყოფს სამყაროში „უხილავი” (ფარული) მატერიის არსებობას. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ამჟამად სამყარო აჩქარებულად ფართოვდება, რაც გამოწვეულია უცნობი ბუნების „ფარული“ ენერგიის არსებობით.

თანამედროვე ფუნდამენტური ფიზიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს ამ ორი ფარული სუბსტანციის ბუნების შეცნობა. ეს საკითხები უკავშირდება სამყაროს წარმოშობისა და მისი შესაძლო მომავლის კონცეფციებსაც.

ამდენად, კოსმოლოგია გვაძლევს საშუალებას, სრულყოფილად აღვადგინოთ სამყაროს სურათი, შესაბამისად, წარმოადგენს ფართო საზოგადოების ინტერესს, რაც სცდება ფიზიკისა და ასტრონომიით დაინტერესებას და ეხება ფილოსოფიურ და რელიგიურ მსოფლმხედველობას.

„კოსმოლოგია“ წარმოდგება მისი ბერძნული სახელწოდებიდან (ძველბერძნულად κόσμος (kósmos) „სამყარო“ და -λογία (-logía) „სწავლება/მეცნიერება“) და მეტაფიზიკის განხრაა [Peacock 2010].

თუ ფილოსოფიურსა და რელიგიურ კონტექსტში კოსმოლოგია უკავშირდება მსოფლმხედველობასა და მითოლოგიას, ფიზიკისა და ასტრონომიის კონტექსტში ფოკუსირდება სამყაროს ქრონოლოგიის შესწავლაზე.

ფიზიკური კოსმოლოგია შეისწავლის სამყაროს წარმოშობას, მის ევოლუციას და წინასწარმეტყველებს სამყაროს მომავალს. ამავდროულად ფიზიკური კოსმოლოგიის განუყოფელი ნაწილია იმ ფიზიკური კანონზომიერების დადგენა და შესწავლა, რომელიც მოქმედებს სამყაროში და განსაზღვრავს მის დინამიკას. თანამედროვე კოსმოლოგია ინტერდისციპლინარული მეცნიერებაა. კერძოდ, ფიზიკური კოსმოლოგია ეფუძნება გრავიტაციისა და ველის თეორიას, კვანტურ და ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკას, ბირთვულ და ატომურ-მოლეკულურ ფიზიკას, სტატისტიკურ ფიზიკას და თერმოდინამიკას, აგრეთვე ასტროფიზიკასა და ასტრონომიას.

პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები, დოქტორანტები, მაგისტრანტები, ასევე საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეცნიერები სწორედ ამ თემატიკაზე გამართავენ მოსწავლეებთან შეხვედრებს.


როგორ ვისწავლი?

პროექტით გათვალისწინებული თითოეული სალექციო შეხვედრა წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში. აპლიკაციის შევსების პროცესში გაქვთ საშუალება, დააფიქსიროთ, როგორი ფორმატით გსურთ კურსის გავლა – სრულად დისტანციურად თუ ფიზიკურ სივრცეში.

სრული კურსი შედგება თხუთმეტი 2-საათიანი ინტერაქტიული შეხვედრისგან, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე თემის შესახებ კითხვა-პასუხით მსჯელობას და მონაწილისთვის საინტერესო ინფორმაციის გაზიარებას.


როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა:

  • ელექტრონული აპლიკაციის შევსების დროისთვის იყოთ საქართველოში ავტორიზებული საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულების IX-XII კლასის მოსწავლე.
  • შეავსოთ ელექტრონული აპლიკაცია და დაგვისაბუთოთ პროექტში მონაწილეობის მოტივაცია არა უგვიანეს ამა წლის 5 ნოემბრისა.
    • ელექტრონული აპლიკაციის შესავსებად მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3SOilyF

აპლიკაციები განიხილება და მონაწილეები შეირჩევიან არა უგვიანეს ამა წლის 10 ნოემბრისა. შერჩეულ კანდიდატებს შევეხმიანებით და სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მეილზე მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

კურსი დაიწყება 2022 წლის 12 ნოემბერს.

სერტიფიკატი

პროექტის თითოეული მონაწილე დაჯილდოვდება კურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატით.

გარდა სერტიფიკატისა, პროექტის დასრულების შემდეგ შევარჩევთ ფიზიკა-მათემატიკით დაინტერესებულ აქტიურ მოსწავლეებს (მათი გამოკითხვის საფუძველზე) და გაგრძელდება მათთან მუშაობა ცოდნის გასაღრმავებლად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.


დამატებითი ინფორმაციისთვის
პროექტის ვებგვერდი: physicsoutreach.iliauni.edu.ge
ელმისამართი: physicsoutreach@iliauni.edu.ge

 

ბანერები