სადიპლომო პროექტი "ჯაზი" – პრეზენტაცია
9-10 ივლისს გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების 2011 წლის კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების პრეზენტაცია-გამოფენა. წარმოდგენილი იყო 4 სპეციალობის კურსდამთავრებულთა ნამუშევრები: მონუმენტური მოხატვა, კერამიკა და მხატვრული მინის დიზაინი; კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა; საიუველირო ხელოვნება (ოქრომჭედლობა) და მინანქარი; ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ქსოვილის დიზაინი.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი ახორციელებს არა ერთდარგოვან, არამედ ინტეგრირებულ სპეციალობებს, რომლებშიც გაერთიანებულია ორი ან მეტი მომიჯნავე, ურთიერთთავსებადი სახელოვნებო დარგი. ასეთი ინტეგრირებული სპეციალობები ხელს უწყობს მაღალკვალიფიცირებული და მრავალმხრივი ცოდნის მქონე სპეციალისტის აღზრდას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, თავის შემოქმედებით საქმიანობაში გამოიყენოს რამდენიმე მომიჯნავე დარგის ტექნოლოგიური და კომპოზიციური თავისებურებები. ეს კი თავის თავად ზრდის მიღებული შედეგის მხატვრულ ღირებულებას.
ამასთან, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრში შემუშავდა სადიპლომო ნამუშევრების შესრულებისა და დაცვის სრულიად ახლებური დებულება, რაც გულისხმობს ცალკეული დაგრობრივი ნამუშევრის ნაცვლად მრავალდარგოვანი ერთობლივი პროექტის შემუშავებას. პროექტში ერთიანდებიან სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები, რომლებიც მუშაობენ პროექტის ერთობლივ კონცეფციაზე და ამ კონცეფციის პრაქტიკულ განხორციელებაზე. პირველად ასეთი ექსპერიმენტი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრმა წარმოადგინა 2010 წელს. ამჟამად წარმოდგენილი იყო სადიპლომო პროექტი: ”ჯაზი”, რომელშიც თითოეული სპეციალობის სტუდენტმა საერთო კონცეფციის გადმოსაცემად შეიტანა თავისი წვლილი.