ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საბა ნემსიწვერიძე ილიაუნის ჩემპიონია ბილიარდში

ახალი ამბები

4 მაისს საბილიარდო კლუბ „რიოში“ ილიაუნის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი გაიმართა ბილიარდში. შეხვედრები დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. შარშანდელი ჩემპიონატის გადამწყვეტ ორთაბრძოლაში გიორგი კვარაცხელიამ მიხეილ მჭედლიშვილს აჯობა და ჩემპიონობა მოიპოვა. ამჯერად მჭედლიშვილმა აიღო რევანში – პროფესიონალი მობილიარდე ნახევარფინალში 5:1დაამარცხა და ფინალში გავიდა. მსგავს წარმატებას მიაღწია საბა ნემსიწვერიძემ – ნახევარფინალში დავით დალაქიშვილს სძლია – 5:2. ჩემპიონობისთვის პაექრობაში ნემსიწვერიძემ მეტოქეს 7:3 აჯობა. მჭედლიშვილმა ზედიზედ მეოთხედ დაიკავა მეორე ადგილი. მესამე ადგილზე გავიდა შარშანდელი ჩემპიონი კვარაცხელია, რომელმაც დალაქიშვილს მოუგო მშრალი ანგარიშით – 6:0.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამარჯვებული და პრიზიორები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს. შეჯიბრების გამარჯვებულს სპორტულმა მაღაზია Joma-მ 100-ლარიანი ვაუჩერი გადასცა, ხოლო ფიტნესკლუბმა Fit Town-მა – ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტი.

- შეჯიბრება მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, – გვითხრა საბა ნემსიწვერიძემ, რომელიც შარშან ილიაუნის ჩემპიონატსა და საქართველოს უნივერსიადაზე მესამე იყო. – ძლიერ მეტოქეებთან მომიწია თამაში, მეოთხედფინალიდან ყველა ორთაბრძოლა განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა. ძალიან მიხარია გამარჯვება, რადგან ილიაუნის ჩემპიონი პირველად გავხდი. ახლა საქართველოს უნივერსიადისთვის მოვემზადები და ვეცდები, შარშანდელი შედეგი გავაუმჯობესო.

ბანერები