ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Red Devils-ი ილაუნის ჩემპიონია ფეხბურთში

ახალი ამბები

26 აპრილს დასრულდა ილიაუნის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი მინიფეხბურთში. მასში 50 გუნდი მონაწილეობდა. საკვალიფიკაციო ეტაპების შემდეგ 16 წარმატებული გუნდი წილისყრით ოთხ ჯგუფში გადანაწილდა, რომელთაგან ორ-ორი საუკეთესო პლეი ოფში გავიდა. ნახევარფინალში Red Devils-მა 8:3 დაამარცხა High Step-ი, ხოლო წინა ორი ჩემპიონატის გამარჯვებულმა„რაბონამ“ 6:2 სძლია FC 13-ს.

განსაკუთრებით საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა ფინალური შეხვედრა. მატჩის ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ – 2:2 (ბურთები – Red Devils-ი: გიგი გამყრელიძე, ერეკლე ლებანიძე; „რაბონა“: გიორგი შეროზია, არჩილ მაგრაქველიძე). აღსანიშნავია, რომ საფინალო სასტვენამდე ნახევარი წუთით ადრე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის Red Devils-ის მეკარე დავით გობეჯიშვილმა წითელი ბარათი მიიღო და მისმა გუნდმა მატჩი კაცნაკლულმა ჩაამთავრა. დარჩენილ დროში და პენალტების სერიისას კარში გიორგი ქორიძე იდგა. გუნდებმა 3-3 დარტყმა უნაკლოდ შეასრულეს, მეოთხე პენალტი რაბონელმა არჩილ მაგრაქველიძემ მიზანს ააცილა. საბოლოოდ Red Devils-მა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა და ჩემპიონობა მოიპოვა. მესამე ადგილისთვის პაექრობაში FC 13-მა High Step-ი 5:2 დაამარცხა.

ილიაუნის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ბექა ბერიძიშვილი („რაბონა“), რომელმაც 5 მატჩში 26 ბურთი გაიტანა. ამდენივე გოლი მიითვალა გიორგი წიქვაძემ (Red Devils), მაგრამ მან ერთი მატჩით მეტი ჩაატარა, ამიტომ მეორე ადგილს დასჯერდა. ჩემპიონატის ბომბარდირს სპორტული მაღაზია JOMA-სგან 200-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ნიკოლოზ მიქაუტაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე), გივი ნეფარიძე (საქართველოს უნივერსიტეტის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი) და ჯემალ არჯევანიძე (საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი), ფინალის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინა. ეს პატივი წილად ხვდა გიორგი ქორიძეს (Red Devils). JOMA-მ იგი 100-ლარიანი ვაუჩერით დააჯილდოვა.

ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდის ყველა მოთამაშეს ფიტნესკლუბმა FIT TOWN-მა ერთთვიანი ულიმიტო ვაუჩერი გადასცა, ხოლო სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის პარტნიორი, რესტორნი „ძველი ქალაქი“ გამარჯვების აღსანიშნი ბანკეტით გაუმასპინძლდა.

  • საინტერესო ჩემპიონატი გამოდგა, – თქვა ფინალური მატჩის შემდეგ ილიაუნის მესამე კურსის სტუდენტმა გიორგი ქორიძემ, რომელიც წლების განმავლობაში საფეხბურთო კლუბების – „ვიტ ჯორჯიას“ და „ლოკომოტივის“ წევრი იყო. – დიდი მადლობა ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მესვეურებს ასეთი კარგი ღონისძიებისა და ახალგაზრდობის ზეიმის მოწყობისთვის. „რაბონა“ ძლიერი გუნდია, უნივერსიტეტის ორგზის ჩემპიონი და ილიაუნის ნაკრების წევრებით დაკომპლექტებული, ამიტომ მასთან გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა. ვეცდებით, რომ ჩემპიონის ტიტული მომდევნო შეჯიბრებებში დავიცვათ.

ჩემპიონატის ფოტომასალა

ჩემპიონატის შედეგები

ბანერები