პროფესორ ჯერემი რამსდენის მხარდაჭერის წერილი
განცხადებები
ბუკინგემი, 2 მარტი 2026
ბატონო კობახიძე,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებთან მრავალწლიანი სამეცნიერო თანამშრომლობისა და ჟურნალ Journal of Biological Physics and Chemistry-ის მთავარი რედაქტორის სტატუსის გამო (რომლის თანაგამომცემელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია შვეიცარიაში დაფუძნებულ აკადემიურ სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად) ჩემთვის ცნობილი გახდა მთავრობის გეგმა, რომელიც უნივერსიტეტის სტატუსის არსებით ცვლილებას ითვალისწინებს.
მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ ვარ ინფორმირებული აღნიშნული გეგმის ყველა ასპექტისა და კონტექსტის შესახებ, რის მიხედვითაც ის შემუშავდა, ერთი შეხედვით, უნივერსიტეტების დახურვა, განსაკუთრებით ისეთი უნივერსიტეტებისა, რომლებსაც ქვეყნის რეიტინგებში მართლაც წამყვანი პოზიციები უკავიათ, საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
თანამედროვე ეპოქაში, რომელსაც ცოდნა მართავს, ქვეყნებს სჭირდებათ მეტი განათლება და ხელშეწყობა უნივერსიტეტების გასაფართოებლად, და არა პირიქით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, როგორც საქართველოს ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე უნივერსიტეტის (Times Higher Education World University Rankings 2026-ის მიხედვით), პოზიცია მიუთითებს, რომ ის წარმატებით ახორციელებს საქმიანობას და რომ საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიც უნდა ცდილობდნენ მისი მაგალითის გათვალისწინებას.
ჩემ მიერ მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოთავაზებული გეგმა არსებითად გულისხმობს ფაკულტეტების რაციონალიზაციას, რომლის მიხედვით თითოეული საგნობრივი მიმართულება განაწილდება ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტში. ასეთი მიდგომა გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება მიმზიდველად და ლოგიკურადაც კი გამოიყურებოდეს, თუმცა ჩნდება კითხვა: რამდენად მიზანშეწონილია ეს პრაქტიკაში? ისტორიულად, სწორედ ინგლისის უძველეს, ოქსფორდისა და კემბრიჯის, უნივერსიტეტებს შორის (რომელთაგან ერთის წევრიც თავად გახლავართ) მრავალსაუკუნოვანი კონკურენცია და მეტოქეობა გახდა ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ეს უნივერსიტეტები მსოფლიოს ლიდერ პოზიციებამდე მიიყვანა.
თუ ფაკულტეტების მსგავსი რაციონალიზაცია განხორციელდებოდა, მაგალითად, ელისაბედის ხანაში და ამ ორი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთი დაიხურებოდა ან მეორეხარისხოვან პოზიციაზე გადაინაცვლებდა, ძალიან საეჭვოა, რომ მეორე უნივერსიტეტი მომავალში გლობალურ დონეზე ლიდერობას შეძლებდა.
დღეს ცოდნის განვითარების ტემპი მართლაც გამაოგნებელია, რაც, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) სწრაფი განვითარებით. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამ განვითარებას ფეხს ვერ აუწყობს, მსოფლიო სისტემაში დაქვემდებარებულ და მეორეხარისხოვან პოზიციაზე აღმოჩნდება. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, შეუძლია წარმატებით უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს მოწინავე ქვეყნებს შორის მოქალაქეთა თანდაყოლილი ნიჭისა და შესაძლებლობების წყალობით. თუმცა, ამისათვის აუცილებელია თავისუფლად მოქმედება და ისეთი განათლების მიღება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს სრულად განავითარონ საკუთარი პოტენციალი. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ზღუდავს თავისუფლებას ან აფერხებს განათლების განვითარებას, ეწინააღმდეგება ასეთ წინსვლას. ამასთან ადმინისტრაციული რეორგანიზაციაც კი, რომელსაც გეგმა გულისხმობს, მოითხოვს მნიშვნელოვან რესურსსა და ენერგიას, რაც გაცილებით ეფექტურად შეიძლება მოხმარდეს ცოდნის განვითარებასა და წინსვლას.
დღევანდელი ცვლილებების უჩვეულოდ სწრაფი ტემპი გამოწვევას უქმნის თითოეულ ქვეყანას. საგულისხმოა, რომ წლევანდელი სიმპოზიუმის "St. Gallen Symposium"-ის სახელწოდებაა „რღვევის ეპოქა“ (Disruptive Age). ეს გამოწვევები იმდენად სწრაფ რეაგირებას მოითხოვს, რომ, როგორც გამოჩენილი ნიდერლანდელი არქიტექტორი რემ კოლჰასი ამბობს, შინაარსიანი დაგეგმვა შეუძლებელია. ხშირად წარმატებას ჩარევა კი არა, არამედ შეუფერხებლად გაგრძელების შესაძლებლობა სჭირდება. რა თქმა უნდა, ხარვეზებს სჭირდება გამოსწორება და შესაბამისი რეაგირება, თუმცა წარმატებული პროცესები შეიძლება შეაფერხოს ზედმეტმა ჩარევამ, განსაკუთრებით კი რეორგანიზაციის დროს. შესაძლოა ასეთი მიდგომა გამართლებული ყოფილიყო უფრო მშვიდ ეპოქაში, რომელიც ნელა ვითარდება, თუმცა დღევანდელ პირობებში დიდი ალბათობით ეს გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს და სტანდარტს დააქვეითებს.
პატივისცემით,
პროფესორი, დოქტორი ჯერემი ჯ. რამსდენი
ბიოსამედიცინო კვლევების დეპარტამენტი
ბუკინგემის უნივერსიტეტი
გაერთიანებული სამეფო
2026