ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა რეიტინგში დასახელებული ილიაუნის პროფესორები ილიას მედლით დაჯილდოვდნენ

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და რექტორის მოადგილე ნინო დობორჯგინიძემ ილიაუნის პროფესორები – ოზგურ ქიში, რაინერ ვ. ბუსმანი და მერაბ სვანაძე, რომლებიც სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ში დასახელდნენ, ილიას მედლით დააჯილდოვეს.  

სტენფორდის უნივერსიტეტმა მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ის რანჟირებული სია გამოაქვეყნა, რომელშიც  ხუთი მეცნიერი დასახელდა საქართველოდან, მათგან  სამი  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია:

  • ოზგურ ქიში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულების პროფესორი, მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზეა გარემოს დაცვის ინჟინერიაში;
  • რაინერ ვ. ბუსმანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნობოტანიკის კვლევითი ცენტრის თანადამფუძნებელი, გამომცემლობა Springer-ის კავკასიის ეთნობოტანიკის სერიის დამფუძნებელი და გამომცემელი. რაინერ ბუსმანი მსოფლიო რეიტინგში 518-ე ადგილზეა სამკურნალო და ბიომოლეკულური ქიმიის მიმართულებაში;
  • მერაბ სვანაძე, ილიაუნის მათემატიკის მიმართულების პროფესორი,  მექანიკური ინჟინერიისა და ტრანსპორტის დარგში მსოფლიოს მასშტაბით 1631-ე ადგილს იკავებს.

ილიას მედლის შესახებ

ილიას ჯილდო ილია ჭავჭავაძის ორმაგ იუბილესთან დაკავშირებით 2017 წელს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესდა. ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემათ მეცნიერებს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

სტენფორდის რეიტინგის მეთოდოლოგიის შესახებ

ექსპერტთა მიერ მომზადებულ სიაში წარმოდგენილია 22 სამეცნიერო დარგსა და 176 ქვედარგში მომუშავე 100 000-ზე მეტი მეცნიერი, რომელთა  კვლევებმა ხელი შეუწყო შესაბამისი სფეროს წინსვლასა და სხვა მკვლევრების პროდუქტიულობის ამაღლებას.

სტენფორდის რეიტინგი ეყრდნობა Scopus-ის მონაცემებს და აკადემიური საქმიანობის შეფასებისას იყენებს ციტირების შემდეგ კრიტერიუმებს: ჰირშის h-ინდექსი; თანაავტორობის Schreiber hm-ინდექსი; დამოუკიდებლად გამოქვეყნებული ნაშრომების ციტირება და ციტირების ერთიანი ინდექსი.

 

 

ბანერები