ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კონკურსის Big Idea Challenge ფინალისტების შერჩევა

ახალი ამბები

31 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ვიდეოფიჩის კონკურსის ფინალისტი გუნდების შერჩევა.

კოლეგიამ გამოავლინა 9 საუკეთესო გუნდი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის Big Idea Challenge საერთაშორისო შეჯიბრებაში.

კოლეგიის წევრები იყვნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი, მეწარმე დავით ჩეჩელაშვილი, ილიაუნის სრული პროფესორი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მრჩეველი ეკატერინე ლეფსვერიძე, პრე-აქსელერატორ ზუმაუთის მენეჯერი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის პატენტირებისა და ლიცენზირების სპეციალისტი თეონა ბებია და ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი ავთანდილ მღებრიშვილი.

საერთაშორისო კონკურსში Big Idea Challenge საქართველოსთან ერთად მონაწილეობს 6 ქვეყანა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უკრაინა და უზბეკეთი.

კონკურსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბრიტანეთის საბჭოს პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ პარტნიორ ინსტიტუციებს, რომლებიც 8 საგანმანათლებლო ინსტიტუციას მოიცავს, უნდა გამოევლინა კონკურსში მონაწილე არა უმეტეს 10 გუნდი.

9-დან 22 ივნისის ჩათვლით  თითოეული ქვეყნიდან შესაბამისი კოლეგია  კონკურსის თითოეულ კატეგორიაში აირჩევს 3 საუკეთესო გუნდს.

საბოლოოდ კი 7 ქვეყნის მასშტაბით შეირჩევა 63 ფინალისტი, რომლებიც  ასპარეზობას განაგრძობენ კონკურსის შემდგომ ეტაპებზე.

კონკურსი მიზნად ისახავს სტუდენტების, კურსდამთავრებულთა და ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესიდეების განვითარებასა და წახალისებას.

კონკურსი ეწყობა  ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტსა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

პროექტს მართავს  და კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური.

ბანერები