ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ჟან მონეს კათედრის ფარგლებში წიგნის პრეზენტაცია, პანელური დისკუსია და სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ახალი ამბები

20 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში“ ფარგლებში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან თანამშრომლობით გაიმართა პროფესორ გიორგი გვალიას წიგნის პრეზენტაცია, პანელური დისკუსია და სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია: ინტეგრაცია, უსაფრთხოება და რეგიონული გარდაქმნები“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიის, რეგიონული უსაფრთხოების, ევროპული ინტეგრაციისა და თანამედროვე გეოპოლიტიკური ცვლილებების შესახებ აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობას, ასევე სტუდენტთა კვლევითი უნარების, კრიტიკული აზროვნებისა და აკადემიური ჩართულობის გაძლიერებას.

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო პროფესორ გიორგი გვალიას წიგნის „ევროკავშირი, როგორც გლობალური აქტორი: ინსტიტუტები, ღირებულებები და ინტერესები“ პრეზენტაციას. წიგნი მომზადდა და გამოიცა ჟან მონეს კათედრის ფარგლებში და ეხება ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო აქტორის, ინსტიტუციურ, ღირებულებით და ინტერესებზე დაფუძნებულ განზომილებებს.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია „ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია: ინტეგრაცია, უსაფრთხოება და რეგიონული გარდაქმნები“, რომელშიც მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები: ივანე ლომიძე, ზარინა ბურკაძე, ნინო ფავლენიშვილი და გიორგი გვალია. პანელის მოდერატორი იყო გიორგი ოდოშაშვილი. მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკავშირის როლზე სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გამოწვევებზე, რეგიონული უსაფრთხოების დინამიკაზე, დემოკრატიზაციის პროცესზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე, დეზინფორმაციაზე და გარე აქტორების გავლენაზე სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ და უსაფრთხოების გარემოზე.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტისა და ჰოკაიდოს უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ მოხსენებით “Limits of EU Protean Power: Why New Strategies Fall Short in the South Caucasus”. მოხსენებები წაიკითხეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა. მოხსენებები შეეხებოდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, რეგიონულ უსაფრთხოებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ჰიბრიდულ საფრთხეებს, დეზინფორმაციას, ახალგაზრდობისა და განათლების შესაძლებლობებს, ასევე კონფლიქტებისა და მშვიდობის მშენებლობის პერსპექტივებს. წარმოდგენილმა თემებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული პოლიტიკური, ინსტიტუციური და უსაფრთხოების გამოწვევები.

2026

ბანერები