ილიაუნიში გაიხსნა იაპონია-საქართველოს აკადემიური და კულტურული თანამშრომლობის ცენტრი
ახალი ამბები
17 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ცუკუბის უნივერსიტეტის ინიციატივით საზეიმოდ გაიხსნა ცუკუბა-ილიას თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და იაპონიას შორის აკადემიური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ცუკუბის უნივერსიტეტის დელეგაციას პრეზიდენტის, კიოსუკე ნაგატას ხელმძღვანელობით. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰიდეკი იშიძუკა და იაპონიის განვითარების სააგენტოს უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში მასაჰირო უეკი.
ცუკუბა–ილიას თანამშრომლობის ცენტრს, რომელიც მხარდაჭერილია იაპონიის მთავრობის მიერ, უხელმძღვანელებს იასუჰირო კოჯიმა. ცენტრი ხელს შეუწყობს ცუკუბის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის განმტკიცებას, ასევე საქართველოსა და იაპონიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური და კვლევითი ქსელების განვითარებას. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობისა და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა, ილიაუნის სტუდენტებისთვის იაპონიაში სწავლისა და სტიპენდიის შესაძლებლობების ხელშეწყობა, ასევე ერთობლივი კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წლებია აქტიურად თანამშრომლობს იაპონურ უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებთან განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია Japan International Cooperation Agency-ის (JICA) მხარდაჭერით განხორციელებული მზის ენერგიის პროექტი, რომლის ფარგლებში ილიაუნიში განახლებადი ენერგიის მიმართულებით საგანმანათლებლო და კვლევითი შესაძლებლობები გაძლიერდა. პროექტმა ხელი შეუწყო თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ენერგოეფექტურობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შექმნას.
2026
გალერეა