ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა „უსაფრთხოების პერსპექტივები ევრაზიის რეგიონულ კონტექსტში 2026“

ახალი ამბები

1-6 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და კოსტალ კაროლინას უნივერსიტეტის (აშშ) პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის სტეფანწმინდის კვლევით ბაზაზე გაიმართება საზაფხულო სკოლა „უსაფრთხოების პერსპექტივები ევრაზიის რეგიონულ კონტექსტში“.

საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტების დაკავშირებას, თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების გააზრებას, ანალიტიკური უნარების გაძლიერებასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობას.

ქართველი და უცხოელი პროფესორები სტუდენტებს გააცნობენ უსაფრთხოების კვლევების თეორიულ და მეთოდოლოგიურ პერსპექტივებს, თანამედროვე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს, ასევე ევრაზიის რეგიონის უსაფრთხოების დინამიკასა და ძირითადი აქტორების როლს.

თეორიული კომპონენტის გარდა პროგრამით გათვალისწინებულია პრაქტიკული და ინტერაქციური აქტივობები, მათ შორის ვორკშოპები, ჯგუფური მუშაობა და ტრენინგები, რაც ხელს შეუწყობს ანალიტიკური აზროვნების, პოლიტიკის ანალიზისა და აკადემიური თანამშრომლობის უნარების განვითარებას.

აკადემიური სესიების პარალელურად მონაწილეები ჩაერთვებიან სოციალურ და ქსელურ, მათ შორის არაფორმალურ შეხვედრებსა და გუნდურ აქტივობებში.

მონაწილეობის პირობები და სერტიფიკატი

სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს (პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები), რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე და დაინტერესებულნი არიან უსაფრთხოების კვლევებით.

საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სამუშაო ენა: ინგლისური

სკოლის ჩატარების თარიღები: 1-6 ივნისი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის კვლევითი ბაზა

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა სრულად ფინანსდება. შერჩეული სტუდენტებისთვის უზრუნველყოფილია ტრანსპორტირება, საცხოვრებელი და კვება.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 12

მონაწილეთა შერჩევა:

მონაწილეებს შეარჩევენ ორ ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა (5-15 მაისი)
  • გასაუბრება საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან (20-22 მაისი)

შერჩეულ კანდიდატებს ინფორმაცია გაეგზავნებათ ელფოსტით.

განაცხადის წარდგენა

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/1jf4a3nZyx4nSw979

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 მაისი, 2026, 20:00 საათი

დამატებითი ინფორმაციისთვის ან შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: lika.beridze@iliauni.edu.ge

2026

ბანერები