ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის თეატრი ბელგიაში მიემგზავრება

ახალი ამბები

14 მარტს ილიაუნის თეატრი სპექტაკლით „ჩეხოვი.რეპეტიცია“ ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში, მიემგზავრება. თეატრი სპექტაკლს 16 მარტს, 15:00 საათზე წარმოადგენს.

ლიეჟის სამეფო უნივერსიტეტის თეატრი, სადაც ილიაუნის თეატრი ითამაშებს სპექტაკლს, 1941 წელს დაარსდა და 1983 წლიდან ყოველწლიურად მრავალი თეატრალური დასის მასპინძელია. ლიეჟის სამეფო უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე 150-ზე მეტ თეატრს აქვს წარმოდგენილი სპექტაკლი - 30-მდე ქვეყნიდან. წელს კი ამ სიას ილიაუნის თეატრიც შეუერთდება.

ლიეჟის სამეფო საუნივერსიტეტო თეატრს, საქართველოსთან ერთად, წელს ფინეთის, კოსტა-რიკის, არგენტინის, ამერიკის, კოლუმბიის, საფრანგეთისა და ესტონეთის თეატრები ეწვევიან.

სპექტაკლის - „ჩეხოვი.რეპეტიცია“ - პრემიერა ილიაუნის თეატრში 2016 წლის ივნისში შედგა, თუმცა მესამე პრემიერა თეატრმა საფრანგეთში, ლიმოჟის თეატრალური სკოლების ფესტივალზე ითამაშა.

სპექტაკლი ახალგაზრდა რეჟისორისა და მსახიობების შემოქმედებითი პროცესის შესახებ გვიყვება. თეატრალური სკოლის სტუდენტებმა ჩეხოვის დამოუკიდებლად დადგმა გადაწყვიტეს. ვერ შეეჭიდნენ რა მის პიესებს, სამუშაო მასალად მოთხრობები აიღეს და მუშაობას შეუდგნენ, არც ფული აქვთ, არც გამოცდილება, მაგრამ მაინც არ ეშვებიან განზრახულს. დამწყები მსახიობების მიერ დანახული ჩეხოვის მოთხრობის სევდიანი და ირონიული ღიმილით სავსე სამყარო ჩვენ თვალწინ ნელ-ნელა სპექტაკლის კონტურებს შეიძენს.

სპექტაკლში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტები თამაშობენ უკვე გამოცდილ კურსდამთავრებულებთან ერთად, რომელთაც ეს პროცესი წლების წინ გაიარეს და დღეს ილიაუნის თეატრის წამყვანი მსახიობები არიან.

ილიაუნის თეატრი ბელგიიდან 19 მარტს, მთავარი პროგრამის დასრულების შემდეგ დაბრუნდება.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები