ილიაუნის სტუდენტთა გუნდის საერთაშორისო წარმატება ნეიროტექნოლოგიების მიმართულებით
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეირომეცნიერებების კურსდამთავრებულთა ქსელის ინიციატივითა და მუსხელიშვილის ინსტიტუტის მხარდაჭერით ილიაუნიმ უმასპინძლა g.tec medical engineering-ის საგაზაფხულო სკოლას Neurotechnology Spring School 2026 და ჰაკათონს BR41N.IO Global Designers’ Hackathon-ს, რომელზეც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ილიაუნის მნიშვნელობა ნეირომეცნიერებისა და ნეიროტექნოლოგიების მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
უკვე მეორე წელია ზედიზედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი იმარჯვებს BR41N.IO Global Designers’ Hackathon-ის ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ მიმართულებაში - Game Development using BCI Technology, რომელიც გულისხმობს კომპიუტერული თამაშების შექმნას BCI (ტვინის კომპიუტერული ინტერფეისის) ტექნოლოგიის გამოყენებით. თამაშში მომხმარებელი პროცესს ტვინის აქტივობით მართავს.
2026 წელს გამარჯვებული გუნდი წარმოდგენილი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებით: მარიამ მოლოდინაშვილი, ცოტნე მაჭარაშვილი და ლევან მუხაძე.
ჰაკათონში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 151 გუნდი.
აღნიშნულ კატეგორიაში წარმოდგენილი იყვნენ წამყვანი უნივერსიტეტები, მათ შორის: TH Aschaffenburg (DE), University of Jyväskylä (FIN), Savannah College of Art and Design (USA), Simon Fraser University (CA), HTW Saar (DE), Aalborg University (DK), Tecnológico de Monterrey – ITESM (MX) და West University of Timișoara (RO).
აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი წარმომადგენელი იყო საქართველოდან. მიღწეული შედეგი მეტყველებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეირომეცნიერებების პროგრამების მაღალ ხარისხზე.
საგაზაფხულო სკოლის ფარგლებში, ილიაუნის ნეირომეცნიერებების კურსდამთავრებულთა ქსელმა უზრუნველყო მიზნობრივი სასწავლო სესიები, პრაქტიკული ტრენინგები და ადგილზე მენტორობა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა მონაწილე გუნდებს ჰაკათონისთვის მომზადებაში.
ეს წარმატება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ნეირომეცნიერებების განათლების განვითარების მნიშვნელობასა და ამ სფეროში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას არსებული პროგრესისა და აკადემიური საზოგადოების და პარტნიორების მიღწევების შესანარჩუნებლად.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულ გუნდს საერთაშორისო წარმატებას.
2026