ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სამართლის სკოლაში: ეროვნული ბანკის იურისტების ტრენინგი - „საბანკო სექტორის რეგულირება“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა გეგმავს ტრენინგს თემაზე „საბანკო სექტორის რეგულირება“, რომელსაც ჩაატარებენ საქართველოს ეროვნული ბანკის იურისტები ირაკლი კალანდაძე და გიორგი ძიგუაშვილი.

ტრენინგის მიზანი: საბანკო სექტორის სამართლებრივი რეგულირების ეროვნული და საერთაშორისო ასპექტების შესახებ ტრენინგი მოიცავს იმ სამართლებრივი ბაზის დეტალურ განხილვას, რომლის საფუძველზეც კომერციული ბანკები ახორციელებენ საქართველოში საქმიანობას.

ტრენინგის შედეგი: სტუდენტებს ექნებათ საფუძვლიანი წარმოდგენა საბანკო სექტორის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ; ეცოდინებათ ის სამართლებრივი ჩარჩოები, რომლებშიც ექცევა კომერციული ბანკების ქმედებები; გააანალიზებენ საბანკო სექტორის ზედამხედველობის მოდელებს, როგორც საქართველოს, ასევე განვითარებული ქვეყნების პრაქტიკის საფუძველზე.

ტრენინგის ძირითადი თემებია: ეროვნული ბანკი, როგორც ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო; კომერციული ბანკების საქმიანობის სამართლებრივი ასპექტები; კომერციული ბანკების საზედამხედველო მექანიზმები; კომერციულ ბანკში ანგარიშების გახსნა და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციები; ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი გარემო საბანკო სფეროში; ზედამხედველი ორგანოს მიერ კომერციული ბანკისათვის ლიკვიდობის მიწოდების მექანიზმები; მომსახურება საგადახდო ბარათებით.

ტრენინგი გათვალისწინებულია სამართლის სკოლის დამამთავრებელი კურსისა (მე-4 კურსი) და მაგისტრატურის პირველი და მეორე კურსების სტუდენტებისათვის.

ტრენინგზე დამსწრე სტუდენტთა რაოდენობა შეზღუდულია.

ტრენინგი დაიწყება 29 მაისს და დამთავრდება 20 ივნისს. კვირაში შედგება ორი შეხვედრა (6 საკონტაქტო საათი), პარასკევს - 19:00 საათიდან 22:00 საათამდე, შაბათს - 11:00-დან 14:00 საათამდე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: sopio.shubladze@iliauni.edu.ge. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 222-16-37.

საბუთების მიღების ბოლო ვადა 24 მაისს 18:00 საათამდე.

შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ ელფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.

ბანერები