ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის მინიფეხბურთის შიდაჩემპიონატის გამარჯვებული „ოლიმპი“ გახდა

ახალი ამბები

22 მაისს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით უნივერსიტეტის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩემპიონატის დასკვნითი მატჩები გაიმართა. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს Random Team და Red Devils დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდმა სეზონის ბოლო თამაში არასრული შემადგენლობით ჩაატარა. შეხვედრა თავდაპირველად Random Team-ის უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ტურნირის გამოცდილმა მონაწილემ წონასწორობა მალევე აღადგინა და პირველი ტაიმშივე დაწინაურდა. Red Devils-მა მოპოვებული უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა და მეტოქეს საბოლოოდ 8:6 სძლია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ოთხი გატანილი გოლით გიორგი წიქვაძე გამოირჩა, ჰეთრიკი კი ლუკა დემეტრაშვილმა გაიფორმა. Random Team-ის ფეხბურთელმა საბა ჭილაიამ მოწინააღმდეგეს სამი, გიორგი გელაშვილმა კი ორი ბურთით უპასუხა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მესამე ადგილი Red Devils-მა დაიკავა.

2018/19 წწ. შიდაჩემპიონატის გაზაფხულის სეზონის ტიტულის მოსაპოვებლად „ოლიმპი“ „ბაბანგიდას“ შეხვდა, დაძაბულ ბრძოლაში 7:6 იმარჯვა და ჩემპიონიც გახდა. ტურნირის დებიუტანტმა გუნდმა პირველივე წელს შეძლო ყველა ეტაპის წარმატებით გადალახვა და ფინალში გამარჯვების მოპოვება. ლაშა მუხრანელი ოლიმპს სამი გატანილი გოლით დაეხმარა; გიორგი ბიბილაშვილმა დუბლი გაიფორმა, რამაც შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. „ბაბანგიდას“ რიგებიდან სამი გოლის გატანა ბესარიონ გრიგოლიშვილმა მოახერხა, ორი ბურთი კი გიორგი კურტანიძის ანგარიშზეა. მცდელობების მიუხედავად, მათ თამაშის ბედი ვერ შეცვალეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ.

მინიფეხბურთის შიდაჩემპიონატის ფინალის საუკეთესო მოთამაშის წოდება გიორგი ბიბილაშვილმა მოიპოვა. მას სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის პარტნიორის, სპორტული მაღაზია „ჯომასგან“ 200-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. ტურნირის ბომბარდირი კი 40 გატანილი გოლით გიორგი წიქვაძე გახდა და „ჯომას“ 300-ლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდა.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი დაჯილდოების ცერემონიის ბოლოს ფინალის საუკეთესო მოთამაშეს გაესაუბრა:

გიორგი ბიბილაშვილი („ოლიმპი“): „დებიუტანტი გუნდი ვართ. თავიდანვე ბევრი რამის დამტკიცება მოგვიწია. ვიცოდით, რომ ფინალში რთული მატჩი გველოდა, რადგან „ბაბანგიდასთან“ თამაშის გამოცდლება ჯგუფური ეტაპიდან გვქონდა. ნამდვილად კარგი მეტოქე გვყავდა, მაგრამ ალბათ დღეს ჩვენ უფრო მონდომებულები და მოტივირებულები ვიყავით, რაც ჩემპიონის სტატუსის მოპოვებაში ძალიან დაგვეხმარა. გვიხარია, რომ პირველივე წელს სეზონს ტიტულით ვასრულებთ. „ბაბანგიდას“ კი წარმატებებს ვუსურვებთ.“

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს მედლები გადაეცათ. ჩემპიონატის გამარჯვებული „ოლიმპი“ სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტისგან აბასთუმნის ობსერვატორიაში საზაფხულო სპორტული ბანაკის Sport Camp - Summer 2019-ის საგზურით დაჯილდოვდა. პარტნიორმა ფიტნესკლუბმა Urban Fitness-მა კი „ოლიმპის“ მოთამაშეებს ერთთვიანი უფასო აბონემენტი გადასცა.

ბანერები