ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის 2015 ფინალისტები გამოვლინდნენ

ახალი ამბები

19 მარტს, ღონისძიების - “გვიანი ღამე ილიაუნიში“ - ფარგლებში, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის 7 ფინალისტი გამოვლინდა.

  • კლოდ სიმონი, "ფლანდრიის გზა" გამომცემლობა "ინტელექტი" - მთარგმნელები: ილია გასვიანი, ანზორ აბჟანდაძე
  • ორჰან ფამუქი, "მე წითელი მქვია"  ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” - მთარგმნელი: ლია ჩლაიძე
  • კნუტ ჰამსუნი, "მისტერიები"  ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” - მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე
  • ვირჯინია ვულფი, "გზა შუქურისკენ"  ”ბაკურ სულაკაურის გამომცელობა” მთარგნელი: ლელა დუმბაძე
  • რობერტ მუზილი, "უთვისებო კაცი", ტომი II - გამომცემლობა "დიოგენე" - მთარგმნელი: მაია ბადრიძე
  • უილიამ ფოლკნერი "დროშები მტვერში" - გამომცემლობა "დიოგენე" - მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე
  • უმბერტო ეკო, "ვარდის სახელი" - გამომცემლობა "დიოგენე" - მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე 

განსახილველად სულ შემოვიდა 48 უცხოენოვანი რომანის ქართული თარგმანი. სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ.

გამარჯვებულს გადაეცემა ილიაუნის პრემია, რომლის ოდენობაც 10 000 ლარს შეადგენს.

ლიტერატურული კონკურსის ისტორია

ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს უკვე ხუთწლიანი ისტორია აქვს. 2010 წელს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისათვის საქართველოში და დააარსა პრემია საუკეთესო რომანისათვის. პრემია აქამდე ოთხ ნომინანტზე გაიცა. 2010 წელს პრიზი აიღო აკა მორჩილაძემ (რომანისათვის „მამლუქი“), ხოლო 2011 წელს - ზაზა ბურჭულაძემ (რომანისათვის „გასაბერი ანგელოზი“). 2012 წელს პრემია არ გაცემულა, ხოლო 2013 წელს პრემია გაიყვეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისათვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისათვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“).

2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ პრემია გაიცეს უცხოენოვანი რომანის საუკეთესო თარგმანისათვის. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოსაზრება, რომ დიდი და დიადი უცხოენოვანი ნაწარმოებების ქართული თარგმანები ხშირად ისევე უწყობს ხელს რომანის ჟანრის განვითარებას, როგორც ორიგინალური რომანების წერა. გამარჯვებული შეირჩევა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოცემული თარგმანებიდან.

წლევანდელ კონკურსში შერჩევისას ყურადღება მიექცა ორ ფაქტორს:

1. თარგმანის ხარისხი: რამდენად ზუსტად და ადეკვატურად არის გადმოტანილი ქართულ ენაზე უცხოენოვანი ნაწარმოების ენობრივი ქსოვილი, რამდენად ახერხებს მთარგმნელი, ქართულ ენაზე შექმნას იმ რომანის ეკვივალენტი, რომელიც უცხოენოვანილიტერატურის კონტექსტში შეიქმნა;
2. ორიგინალის ხარისხი: რამდენად მნიშვნელოვანი და გავლენიანია რომანი მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში.

ფინალისტებს და გამარჯვებულს გამოავლენს ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტებისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიური.

ბანერები