ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის დელეგაციის ვიზიტი გოტინგენის გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა (ილიაუნი) და გეორგ-აუგუსტის გოტინგენის უნივერსიტეტის (UGOE) ერთობლივი პროექტის – ,,სტრუქტურირებული განათლება – ხარისხის უზრუნველყოფა – აზროვნების თავისუფლება“ – ფარგლებში ილიაუნიში ფუძნდება კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა. პარტნიორ უნივერსიტეტში შეხვედრების გასამართად გოტინგენის უნივერსიტეტს 2018 წლის 3-7 დეკემბერს ილიაუნის დელეგაცია ეწვია. ვიზიტი საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დასაფუძნებლად საჭირო დაგეგმვას ისახავდა მიზნად.

ილიაუნის დელეგაციაში იყვნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიგა ზედანია, რექტორის მოადგილე პროფ. ნინო დობორჯგინიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი პროფ. დავით თარხნიშვილი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გიორგი გვალია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანა კვანჭილაშვილი, განვითარების სამსახურის უფროსი ქეთევან დარახველიძე და ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კოორდინატორი მარტინ პიაცენა.

სემინარი დაიწყო შეხვედრით გოტინგენის უნივერსიტეტის ოთხი სადოქტორო სკოლის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც ილიაუნი გამოცდილების გაზიარების სფეროში ინტენსიურად თანამშრომლობს. შემდეგი ნაწილი საერთაშორისო სადოქტორი სკოლის მომავალი საქმიანობისა და ილიაუნის ფაკულტეტებთან თანამშრომლობის, ასევე კომუნიკაციის კონცეფციისა და ეტაპობრივი გეგმის საკითხების განხილვას დაეთმო.

დელეგაციის წევრები შეხვდნენ ხუთ დოქტორანტს, რომლებიც ილიაუნისა და გოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორთა ერთობლივი ხელმძღვანელობით მუშაობენ სადოქტორო ნაშრომზე. ასევე მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა ფოლკსვაგენის ფონდის გენერალურ მდივან დრ. ვილჰელმ კრულთან და ფოლკსვაგენის ფონდის პროგრამის დირექტორ მატიას ნოლენბურგთან, რომელთაც პროფესორმა გიგა ზედანიამ ვიზიტის შედეგები გააცნო და საერთაშორისო სადოქტორის სკოლის შესახებ ჩამოყალიბებული საერთო ხედვა წარუდგინა.

გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი დოქტორანტებისთვის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ფარგლებში დაგეგმილია სტრუქტურირებული საერთაშორისო ორიენტაციის განათლების პროგრამის შემუშავება. სკოლა მოემსახურება სტუდენტებს და რჩევებით დაეხმარება მათ; ხელს შეუწყობს საერთაშორისო მიდგომების დამკვიდრებასა და აკადემიურ თანამშრომლობას. საერთაშორისო სტანდარტებით დანერგვის შედეგად სკოლა ამ სფეროში რეგიონში წამყვან სტატუსს მოიპოვებს. სკოლის დაფუძნების მიზანი ქართული სადოქტორო ხარისხის რეპუტაციის მდგრადი გაუმჯობესება და სტუდენტების დახმარებაა კარიერულ წინსვლაში როგორც აკადემიურ სფეროში, ისე მის გარეთ.

გერმანულ-ქართული თანამშრომლობის პროექტს ფოლკსვაგენის ფონდი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით ერთი მილიონი ევროთი აფინანსებენ.

ბანერები