ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნი ფუტსალის ლიგა 2-ის ტიტულის მოსაპოვებლად თსუ 2-ს დაუპირისპირდება

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის ნაკრებმა პროფესიონალურ ლიგაში პირველად იასპარეზა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გუნდი სეზონისთვის ხელახლა დაკომპლექტდა და ადაპტაციას თამაშიდან თამაშამდე გადიოდა. წრიული ეტაპი ილიაუნიმ მეორე ადგილზე დაასრულა. ნახევარფინალში კი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, პსპ-ს დაუპირისპირდა. ფარმაცევტებთან გამართული ორივე შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. პირველ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ (2:3) ილიაუნიმ საოცარი საპასუხო შეხვედრა ჩაატარა _ ძირითადი დრო 2-1 დაასრულა და მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა (4:3).

სამშაბათს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თასის მოპოვებაში ილიაუნის პრინციპული მეტოქე თსუ 2 შეეცილება; გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა. მიუხედავად ურთიერთშეხვედრებში არსებული უარყოფითი ბალანსისა (1:2 - 0:1), ალიკ სარქისიანის შეგირდები დასკვნით ბრძოლას დიდი შემართებით ხვდებიან და ნახევარფინალში გამოვლენილ განსაკუთრებულ ბრძოლისუნარიანობას ბოლომდე შეინარჩუნებენ. სამწუხაროდ, ფინალში გუნდს მნიშვნელოვანი მოთამაშე, გიორგი ახლანძე, ყვითელი ბარათების რაოდენობის გამო, ვერ დაეხმარება. თუმცა სასიხარულოა ფაქტი, რომ პაატა ლეჟავამ, ერეკლე ლომიძემ და ომარ ასაშვილმა ტრავმები მოიშუშეს და ვარჯიშს ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის განმავლობაში ილიაუნის ნაკრებს უნივერსიტეტის სპორტული ფანკლუბის მხარდაჭერა ყველა თამაშში აძლიერებდა. ახლა კი, დასკვნით ბრძოლაში, ბიჭებს განსაკუთრებული გულშემატკივრობა სჭირდებათ - ფინალი 4 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 20:00 საათზე გაიმართება და დასწრება თავისუფალია!

#მოდიფინალზე


ბანერები