ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ILIAUNI 6:0 UG

ახალი ამბები

პირველი გამარჯვება ფუტსალის ლიგა 2-ში, უხვგოლიანი შეხვედრა და მშრალად შენახული კარი. ილიაუნიმ UG დიდი სხვაობით – 6:0 დაამარცხა.

გუშინ ჩვენი ნაკრები საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა. თამაში, ტრადიციულად, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. პირველი 10 წუთი საინტერესო არაფერი მომხდარა. ორივე გუნდი მშვიდად თამაშობდა. მატჩის მე-12 წუთზე ომარ ასაშვილმა მარცხენა ფლანგიდან წამოიწყო შეტევა. მოწინააღმდეგები ერთმანეთის მიყოლებით მოატყუა, მეკარის საჯარიმოში ბურთი გადასცა დავით კასრაძეს, რომელმაც საქმე ბოლომდე მიიყვანა და ანგარიშიც გახსნა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ნაკრებს ჯარიმების ლიმიტი ჰქონდა და ამას მეტოქისთვის უპირატესობის მინიჭება შეეძლო. მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო და შესაბამისი დარიგებებიც გასცა. საბედნიეროდ, ბიჭებმა ისე ჩაამთავრეს პირველი ნახევარი, ჯარიმა არ აუღიათ.

შეხვედრის განახლებიდან პირველივე წუთებზე შეტევაზე გადავიდა ილიაუნის ნაკრები. გუნდის კაპიტანმა, გურამ გოგილაშვილმა, მეკარეს ფეხებშუა გაუტარა ბურთი და 22-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. მალევე შეიქმნა მორიგი სახიფათო მომენტიც. ომარმა ისევ გაარღვია მოწინააღმდეგის დაცვა და კიდევ ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ამჯერად შანსის გამოყენება ირაკლი ლატარიამ შეძლო. გატანილი გოლის გარდა იგი 29-ე წუთზე გიორგი ახლანძის ასისტენტიც გახდა, რომელმაც ულამაზესი გოლი შეაგდო. მეკარისთვის შანსიც არ დაუტოვებია.

შიგადაშიგ UG-საც ჰქონდა კარგი მომენტები, მაგრამ გურამ ჯიჯელავა არ აძლევდა მათი გამოყენების საშუალებას. ერთხელ კი ნაკრები ძელმა იხსნა გაშვებული გოლისგან. მიუხედავად დიდი უპირატესობისა, ილიაუნი არ მოდუნებულა. პირიქით, უფრო მეტად იგრძნეს თამაშის ტემპი და კიდევ ერთი კარგი მომენტი შეიქმნა. რომ არა მეტოქის უხეში თამაში, გიორგი ახლანძის იდეალურ გადაცემას ომარი გოლად გარდასახავდა. მსაჯმა პენალტი დანიშნა და ბურთთან გიორგი მივიდა. ანგარიში 5:0 გახდა. მიმდინარე შეხვედრაში ბოლო გოლი გურამ ნადარეიშვილის სახელზეა. 35-ე წუთზე მან თავის თავზე აიღო თამაში და საჯარიმოდან მოწინააღმდეგის კარამდე ინდივიდუალური ოსტატობით მიაღწია. თვითონვე გამოიმუშავა ეს გოლი და ილიაუნის მხრიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

ვულოცავთ ნაკრებს გამარჯვებას. იმედია, ეს შედეგი დადებითად იმოქმედებს მომავალ შეხვედრებზე.

ილიაუნის მომდევნო მეტოქე ფუტსალის ლიგა 2-ში პსპ-ს გუნდია. მატჩი 16 დეკემბერს გაიმართება.

 

ბანერები