ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელმა კალათბურთელებმა საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს

ახალი ამბები

კალათბურთის აკადემიის დარბაზში დამთავრდა საქართველოს სტუდენტ კალათბურთელ ვაჟთა 2018 წლის  ჩემპიონატი, რომლის უმაღლეს ლიგაში რვა გუნდი მონაწილეობდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ჯერ რეგულარული პირველობა მოიგეს, შემდეგ, ნახევარფინალში, კავკასიის უნივერსიტეტის გუნდს აჯობეს ორი მატჩის ჯამით. გადამწყვეტ პაექრობაში კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კალათბურთელებს დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ შარშანდელი პირველობის ნახევარფინალში ილიაუნელები სწორედ სტუ-სთან დამარცხდნენ და მესამე ადგილს დასჯერდნენ. წლევანდელ ჩემპიონატში ჩვენებმა რევანში რეგულარულში აიღეს, მაგრამ პრინციპული მაინც ფინალური პაექრობა იყო. პირველ შეხვედრაში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ანგარიშით - 86:85 დაამარცხეს მეტოქე. მეორე პაექრობაში კი ჩვენმა კალათბურთელებმა, რომლებსაც ქომაგები მთელი მატჩის განმავლობაში ომახიანი შეძახილებით ამხნევებდნენ, ინიციატივა თავიდანვე ხელთ იგდეს, 68:62 გაიმარჯვეს, და ჩემპიონობა მოიპოვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ილიაუნელი გუგა პატაშური დაასახელეს. აი, ის კალათბურთელები, რომლებმაც ოქროს მედლები დაიმსახურეს: ლუკა კალატოზიშვილი, ნიკა ყირიმელი, ვასილ კუტალაძე, დიმიტრი შალამბერიძე, გუგა პატაშური, გიორგი მაჭავარიანი, ვასილ მჭედლიშვილი, ნიკოლოზ მეცხვარიშვილი, დიმიტრი ბობილევი, გიორგი მამალაძე, ბექა გეგეშიძე, ალექსანდრე კაკუბერი, მწვრთნელი დავით ეძგვერაძე, მწვრთნელის თანაშემზე ბექა ბერიძიშვილი.

  • დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გამოდგა, ­- გვითხრა ჩემპიონთა მწვრთნელმა დავით ეძგვერაძემ, - ფინალის მეორე ორთაბრძოლა დანაკლისით დავიწყეთ, რადგან წინა პაექრობაში ცენტრალურ თავდამსხმელ ვასილ კუტალაძეს არბიტრებმა დისკვალიფიკაცია მისცეს და მთელი შეხვედრა ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე ვითამაშეთ, რამაც პრობლემები შეგვიქმნა ფარქვეშ. ყოველივეს მიუხედავად, ჩემმა ახალგაზრდა შეგირდებმა ყველაფერი გაიღეს გამარჯვებისთვის და ჩემპიონობის მოსაპოვებლად. აქტიური თანადგომისა და დახმარებისთვის დიდი მადლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით კი - სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტს, რომლის ყურადღება წუთითაც არ მოგვკლებია. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ვეცდებით, მომავალში უკეთესი თამაში ვაჩვენოთ.

 ფინალური მატჩის ფოტომასალა:  https://goo.gl/vv7Wg3

 
ბანერები