ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელი ფუტსალელები ნახევარფინალში ვადამდე გავიდნენ

ახალი ამბები

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდებს შორის საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ის პრინციპული მატჩი გაიმართა. შეხვედრა ილიაუნელთა იერიშებით დაიწყო და მესამე წუთზე პაატა ლეჟავას პასით გიორგი ახლანძემ ანგარიში გახსნა. 10 წუთის შემდეგ მეტოქემ წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი ასე დასრულდა.

შესვენების შემდეგ ილიაუნელთა უპირატესობა აშკარა იყო – დასაწყისშივე, ერთი წუთის განმავლობაში, ომარ ასაშვილმა და პაატა ლეჟავამ (ორივემ ახლანძის პასით) საქართველოს უნივერსიტეტის გუნდის კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს, შეხვედრის მიწურულის ბოლო სამ წუთში ჯერ გურამ გოგილაშვილმა (ახლანძის გადაცემით) ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდა, საფინალო სასტვენამდე 6 წამით ადრე კი ძმებმა ლაშა და გიორგი კურტანიძეებმა შესანიშნავი ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს და ლაშამ ეფექტური გოლით მატჩს წერტილი დაუსვა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ 16 წლის ლაშა კურტანიძე დაასახელეს.

ილიაუნელებმა 5:1 გაიმარჯვეს და რეგულარული სეზონის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. იხილეთ მატჩის ოქმი: https://sbm.ge/oqmi.php?id=1819

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდის წინააღმდეგ ილიაუნელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ზურაბ ცინცაძე, ნიკა ნოზაძე; გიორგი კურტანიძე, გიორგი ნათენაძე, გიორგი ბიბილაშვილი, გურამ გოგოლაშვილი (კ), გურამ ნადარეიშვილი, ომარ ასაშვილი, ერეკლე ლომიძე, გიორგი ახლანძე, პაატა ლეჟავა, ნიკა გვაზავა, ირაკლი ლატარია, ლაშა კურტანიძე. მთავარი მწვრთნელი ალიკ სარქისიანი.

- ახალგაზრდული გუნდი გვყავს, – გვითხრა ილიაუნელთა მთავარმა მწვრთნელმა, – შეთამაშება ჯერ კიდევ გვაკლია. ალბათ, ამის ბრალი იყო, პირველ ტაიმში შესაძლებლობები ბოლომდე რომ ვერ გამოვიყენეთ. მეორე ნახევარში კი სულ სხვა გუნდი ვიხილეთ მოედანზე. ხარვეზების მიუხედავად ამ სეზონში ცუდად არ გვიასპარეზია. რაც მთავარია, მიზანს მივაღწიეთ – ფუტსალის ლიგა 2-ის ნახევარფინალში გავედით. ალბათ, პსპ-თან მოგვიწევს შეხვედრა. მართალია, ამ გუნდს წელს ერთხელ მოვუგეთ და ერთი პაექრობაც ფრედ დავამთავრეთ, მაგრამ ჩვენს ლიგაში პსპ მაინც ფავორიტად მიმაჩნია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ერთი საქართველოს ნაკრების წევრიცაა, 10 წელიწადია, ერთად თამაშობენ და დიდი გამოცდილება აქვთ.
31 მარტს კავკასიის უნივერსიტეტის გუნდს დავუპირისპირდებით. უმოტივაციოდ პაექრობა იოლი არ იქნება, მაგრამ ამ ორთაბრძოლაშიც მოგებისთვის ვიბრძოლებთ. ბიჭები მონდომებული არიან. ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი. ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ყოველმხრივ გვიჭერს მხარს, ჩვენც ვეცდებით, ქომაგები არ გავაწბილოთ.

ბანერები