ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელ მობილიარდეთა ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი

ახალი ამბები

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით საბილიარდო კლუბ „რიოში“ გაიმართა საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატი ბილიარდში („პული-8“). საპრიზო ადგილებისთვის ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების 70-ზე მეტი გოგონა და ვაჟი იბრძოდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

გოგონებში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მეოთხეკურსელმა ფიქრია კვიტიამ ჯგუფში რამდენიმე მეტოქეს მოუგო, ნახევარფინალში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტ ანა ღლონტს აჯობა 4:0 და ფინალში გავიდა, სადაც ნახევარფინალში ილიაუნელი მზეკო შარაშენიძის მძლეველ (4:0) ხატია ეჟიშვილს (სამედიცინო უნივერსიტეტი) დაუპირისპირდა.

გადამწყვეტი ორთაბრძოლა კვიტიამ 0:4 დათმო და მეორე ადგილს დასჯერდა. ბიზნესის ადმინისტრირების მესამეკურსელ შარაშენიძეს ბრინჯაოს მედალი ხვდა. საგულისხმოა, რომ მზეკო მაგიდის ჩოგბურთში ილიაუნის სამგზის ჩემპიონია.

ვაჟთა პირველობაშიც ორი ილიაუნელი ცდიდა ძალებს. სამართლის სკოლის მესამეკურსელმა საბა ნემსიწვერიძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხუთი მეტოქე დაჯაბნა და მერვედფინალში გავიდა. იქ გოგა დოჩიას (სოხუმის უნივერსიტეტი) მოუგო – 5:1, მერე ერეკლე ხიტალიშვილი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) დაამარცხა ანგარიშით – 5:3. ნახევარფინალი ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ და საქართველოს უნივერსიადების სამგზის ოქროსმედალოსან დავით ავაკიანთან (თავისუფალი აგრარული უნივერსიტეტი) დათმო – 3:6. მესამე ადგილისთვის პაექრობაში ლაშა მოდებაძეს (ბათუმის საზღვაო აკადემია) აჯობა – 6:4 და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ჯგუფში ოთხი გამარჯვების შემდეგ ილიაუნელმა მიხეილ მჭედლიშვილმა პლეი ოფის პირველ წრეში მშრალი ანგარიშით მოუგო ზურაბ ფიჩხაძეს (სპორტის უნივერსიტეტი) – 5:0, მაგრამ მეოთხედფინალში დავით ოდიშელიძესთან (სეუ) 3:5 დამარცხდა და მე-5 ადგილით დაკმაყოფილდა.  

ბანერები